გარდაბნის თბოელექტროსადგური ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული დასაყრდენი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, დღეს გარდაბანში ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობა იწყება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური. ღარიბაშვილის შეფასებით, ეს უპრეცედენტო პროექტია და ასეთი დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად. მისივე თქმით, საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას, რასთანაც პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. “სწორედ ამიტომ აქვს ამხელა მნიშვნელობა ისეთი ენერგოპროექტების განხორციელებას, რომელსაც დღეს ვუყრით საფუძველს. ენერგერტიკა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობისათვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის. სწორედ ამიტომ, მინდა განსაკუთრებით მივესალმო ამ პროექტის სულისჩამდგმელებს – საპარტნიორო ფონდს, “საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას”, უმსხვილესი თურქული მშენებელი კომპანიის – “ჩალიკ ენერჯის” წარმომადგენლებს და ყველას მადლობა გადავუხადო. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით განხორციელდება ეს პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 220 მილიონ დოლარს აღწევს”, – აღნიშნა პრემიერმა. მისი ინფორმაციით, 2015 წლის ბოლომდე სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს და მალე მოსახლეობა იგრძნობს სასიკეთო ცვლილებას. როგორც პრემიერმა განაცხადა, მშენებლობის პერიოდში 600-მდე ადამიანი დასაქმდება და მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. მისი თქმით, გარდაბნის სადგური აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, რაც ენერგოსისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. “ქვეყნის ენერგოსისტემისთვის ეს იქნება საიმედო რეზერვი და ამასთან, იგი დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს ადგილობრივ ბაზარს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის შექმნის შემთხვევაში, სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას. გარდაბნის თბოელექტროსადგური იქნება სერიოზული დასაყრდენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით”, – მიაჩნია პრემიერ-მინისტრს. ღარიბაშვილმა ყველას მიულოცა საქართველოსთვის სრულიად ინოვაციური პროექტის განხორციელების დაწყება. “მინდა ყველას მივულოცო ეს წარმატება და განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით, ყველაფერს გააკეთებს ხალხის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის”, – დასძინა მან. 17.01.14