ჩვენ მივიყვანთ ქართულ ენერგეტიკას დამოუკიდებლობამდე, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ლარსი ჰესი” გახსნაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ასეთი ობიექტების მშენებლობით უმწვავესი პრობლემის – მთის მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ცხოვრებისთვის შესაფერისი სოციალური პირობების შექმნაა შესაძლებელი.
“ჩემთვის ამ ობიექტის გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანია – უპირველეს ყოვლისა ის, რომ ახალი სიმძლავრე ემატება ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემას და გასული წლის განმვალობაში ეს არის მესამე ამოქმედებული ენერგოობიექტი. ესეთი ობიექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა. როგორც ვიცი, მოწესრიგდა მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის.
ამ ულამაზეს ხეობაში, სადაც გადის ტურისტული თუ კომერციული მარშრუტები, იქნება სასტუმროები, კვების ობიექტები, იქნება მუდმივი ელექტომომარაგება, ხალხი იქნება დასაქმებული, მოსახლეობა იქნება მოვლენების ეპიცენტრში, ახალგაზრდობისთვის აქ დარჩენა იქნება უკვე საინტერესო და მიმზიდველი. რეგიონი ფეხზე დადგება.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ: თითოეული მოქალაქე ვალდებულია სრულყოფილად შეასრულოს ის სამუშაო რაც ევალება მას, დაწყებული ამ ჰესზე მომუშავე პერსონალით და დასრულებული ქვეყნის მთავრობით!
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა დარგი, ყველა პროექტი მიბმულია ერთმანეთზე და მხოლოდ ერთობლივი მუშაობა და საერთო ძალისხმევა მოგვცემს ისეთ ეკონომიკურ ეფექტს და წინსვლას, როგორიც ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მივიყვანთ ქართულ ენერგეტიკას დამოუკიდებლობამდე, ქართული ენერგეტიკა კი მიიყვანს ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმალურ განვითარებამდე და კეთილდღეობამდე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს საქართველოს გაძლიერებაში. კალაძემ წარმატება უსურვა ჰესზე დასაქმებულ პერსონალს, ხოლო კომპანიას – ენერგეტიკის სექტორში მუშაობის წარმატებით გაგრძელება.
“ლარსი ჰესი” დაბა ყაზბეგში გაიხსნა. ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე ჰესის დეველოპერი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ლარსის ჰესის” დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს.
ახალი ჰიდროელექტროსადგური დერივაციული ტიპისაა. კომპანიამ დაბა ყაზბეგში, მდინარე თერგზე “ლარსი ჰესის” მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ჰესის მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
“ლარსი ჰესის” მშენებლობაზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი დიდი ნაწილი ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტზე 40 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ჰესის ოპერირების მიზნით, კომპანიამ 110 კვ ქვესადგური ააშენა, რომელიც ელექტროსადგურს ცენტრალურ ენერგოსისტემასთან დააკავშირებს.
“ლარსი ჰესის” გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ენერგოსისტემას მიეწოდება.
24.01.14