საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით გადაწყვიტოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო კატეგორიულად გმობს ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
ამასთან, საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს გარაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს.
“ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში წარმოიშვა. რა თქმა უნდა, გვსურს უკრაინა, რომელიც ჩვენთან ერთად არის, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანა, კვლავ დაუბრუნეს ევროპულ ფასეულობებს და გვსურს უკრაინა ჩვენთან ერთად ვიხილოთ ევროპულ დიდ ოჯახში. დარწმუნებული ვარ, უკრაინა დაუბრუნდება ამ გზას და მალე ჩვენ გვექნება საშუალება, უკრაინასთან ერთად გავაგრძელოთ ის გზა, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გააკეთეს. ზალკალიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით.
27.01.14