მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენცია ხვალ ოფიცილაურად გაიხსნება. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში წამყვან საერთაშორისო და დამოუკიდებელ ფორუმზე დასასწრებად გერმანიაში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
დღეს, თავდაცვის მინისტრი მიუნხენთან ახლოს მდებარე ქალაქ კრეუტში ახალგაზრდა ლიდერთა მე-4 ფორუმშიც იღებს მონაწილეობას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხეობის კონფერენციის ფარგლებში ტარდება.
ირაკლი ალასანია პანელში – “რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები“ ახალგაზრდა ლიდერთა წარმომადგენლებს მიმართავს სიტყვით. გამოსვლისას მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისმნიშვნელობაზე და ამ გზაზე არსებული გამოწვევებსა და სირთულეებზე, ასევე რეგიონალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.
მიუნხენის 50-ე უსაფრთხეობის კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან.
კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ გაეროს და ეუთოს გენერალურ მდივნებთან, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნებთან, ამერიკელ სენატორებთან, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტთან,. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სერბეთისა და სლოვენიის პრემიერ მინისტრებთან, სლოვაკეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
30.01.14