თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი შ.პ.ს. ,ყაზტრანსგაზის’’ ხელმძღვანელობას საკრებულოში იბარებს.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ბუნებრივი აირის გადასახადის გამო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას ათობით ადამიანმა მიმართა და დახმარება სთხოვა.
გიორგი მუსხელიშვილი “ყაზტრანსგაზის“ განცხადებას გაუგებარს უწოდებს და დეტალების გასარკვევად კომპანიას საკრებულოში იწვევს.
“ყაზტრანსგაზმა გაუაზრებელი და აბსოლუტურად აუხსნელი განმარტება გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მივიდა მოსხლეობასთან გაორმაგებული გადასახადი.
მე, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვალდებული ვარ მოსახლეობას დაუდგე გვერდში და დეტალურად გავერკვიო სიტუაციაში. მაინტერესებს, რატომ ხდება ეს გაუგებრობები მაინცდამაინც ზამთარში, როცა გაზის მოხმარება საკმაოდ დიდია და მოსახლეობას ისედაც დიდი გადასახადის გადახდა უწევს“,- განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
თბილისელები რამდენიმე დღეა ბუნებრივი აირის გაორმაგებულ გადასახადს აპროტესტებენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ ქვითრებში ასახულია თვენახევრის ან ორი თვის ხარჯი, რაც მათ ფინანსურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს.
გიორგი მუსხელიშვილმა შ.პ.ს. “ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა და კომპანიის ხელმძღვანელობა პრობლემის გადასაჭრელად საკრებულოში ხვალ დაიბარა.
03.01.14