ქართული მხარე სოჭის ოლიმპიადაზე შვეიცარიის ინტერესთა სექციის ფარგლებში, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს მიავლენს , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, უსაფრთხოების იმ ზომებს, რომელსაც საფრანგეთი და თუნდაც ბრიტანეთი იღებს, ქართული მხარე ვერ მიიღებს თავის სპორტსმენებთან მიმართებაში, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.
“გარკვეულწილად, უსაფრთხოების კომპონენტი – უშუალოდ ჩვენ ვერ ვიყოთ ჩართული, შეზღუდულია, თუმცა გვაქვს რწმუნება ორგანიზატორების მხრიდან, რომ ქართველი ოლიმპიელების უსაფრთხოებას არანაირი საფრახე არ ემუქრება. ჩვენ მივავლენთ სოჭში, შვეიცარიის ინტერესთა სექციის ფარგლებში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დარჩება სოჭში, მისი ქმედებები იქნება შესაბამისი ჩვენი კანონმდებლობის. ტერიტორიულად ის იქნება შვეიცარიის სექციის ტერიტორიაზე, რადგან შვეიცარია ჩვენი ინტერესების სექციაა რუსეთში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საკონსულოს წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება.
03.01.14