ნუ გგონიათ ჟურნალისტებს, რომ რასაც გინდათ გაისვრით და მე მერე უნდა მოვძებნო თქვენი გასროლილი, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ტელეკომპანია “მაესტრომ” მის დაპირებებზე დაუსვა შეკითხვა.
ამასთან, როგორც “მაესტროს” ჟურნალისტმა კითხვის დასმისას აღნიშნა, “მოქალაქეს” პრეზენტაციამდე ტელეკომპანიამ ჩაატარა მოქალაქეებში გამოკითხვა, თუ რა კითხვები აქვთ მათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ – მოსახლეობას კითხვები აქვთ დაპირებებთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, 100 საწარმოსთან, ლარის კურსის ვარდნასთან, საზღვრის გადმოწევასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტისგან მოითხოვა, თავად დაეკონკრეტებინა, თუ დაპირებები არ შეასრულა მან. პენსიების ზრდის დაპირებასთან დაკავშირებით ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არასდროს უთქვამს, რომ 2014 წლის ბუჯეტში პენსიების ზრდა ჩაიდებოდა.
“იქნება შემახსენოთ, რა გაქვთ მხედველობაში. თქვენით შემახსენეთ, რა გაქვთ მხედველობაში დაპირებების შეუსრულობლობაში და რომელი ვერ შევასრულე. თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ? თქვენ ხომ თქვით, რომ ხალხი ამ კითხვებს სვამს. კეთილი ინებეთ და დამიკონკრეტეთ, რას გულისხმობდნენ თქვენი რესპონდენტები. სადმე მითქვამს, რომ 2014 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა იქნებოდა ჩასმული? რამდენჯერმე იყო ჩემს გამოსვლაში ნათქვამი, რომ პენსიები უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე არა ნაკლები. პირველ საარჩევნო პერიოდში ეს მოხდება ალბათ. მე კონკრეტული დრო არ მითქვამს. თქვენ ჟურნალისტებს ნუ გგონიათ, რომ რასაც გინდათ გაისვრით და მე უნდა მოვძებნო თქვენი გასროლილი სად წავიდა. უფრო გასაგები უნდა იყოს კითხვა”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, 100 საწარმოსთან დაკავშირებით მთავრობამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა.
“რაც შეეხება ას საწარმოს, ერთ წელიწადში მოხდა 100 საწარმოზე მეტის დაფინანსება. ზოგადად, საწარმოების შექმნას, მოძიებას, დაფინანსებას და ა.შ დრო ჭირდება. ამას, ისევე როგორც ფეხმძიმობას, ერთი თვე არ ეყოფა. ქალბატონი ფეხმძიმედ 9 თვე უნდა იყოს, რომ ბავშვი გაჩნდეს. ასეა საწარმოზეც დრო ჭირდება”, – აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნას და ინფლაციას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ შემთხვევაშიც ვლინდება, რომ ჟურნალისტებს ეკონომიკური ცოდნა დაბალი აქვთ.
“ჟურნალისტების მხრიდან ყველაზე თვალშისაცემია ეკონომიკის ცოდნის დაბალი დონე. ზომიერი ინფლაცია გარკვეულ ეტაპზე ახალისებს კიდეც ეკონომიკას და ამას გეგმავენ სახელმწიფოები. არავითარი შოკისმომგვრელი ვარდნა და ინფლაცია საქართველოში არ არის. მერყეობა ლარის კურსისთვის ნორმის ფარგლებშია. ინფლაციაზე საუბარი ჯერ ზედმეტია, რადგან კურსი შეიძლება გასწორდეს. ზომიერი ინფლაცია ამასთნ, გარკვეულ ეტაპზე ეკონომიკურ გააქტიურებასაც უწყობს ხელს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.