ხუთ წუთში რომ გინდათ, ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი დაგილაგოთ, ეგრე არაა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რითაც საფრანგეთის სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების აქტიური მუშაობის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში კეზერაშვილის წითელ ცირკულარში ჩასმაც კი ვერ მოხერხდა.
“წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით კეზერაშვილი. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა წინა ხელისუფლება, რომელიც კოლოსალურ თანხას ხარჯავდა ლობისტურ კომპანიებზე. სწორედ ამ ლობირების შედეგი იყო ის, რომ არ ჩასვეს წითელ ცირკულარში. არც ერთი სახელმწიფო არ აკავებდა კეზერაშვილს და ეს კაცი “გულაობდა”, როგორც სურდა. ცალკეულ სახელმწიფოებთან ღარიბაშვილი მუშაობდა და სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი, რომ მისი დაკავება მოხდა – კარგი ფრანგული იცის, იქ ნაცხოვრებია, ვიღაცეებს იცნობდა, რაღაცეები გააკეთა და როგორღაც ეს მოახერხა. ახლა სვამთ შეკითხვას, როგორ ხდება რომ არ გადმოგვცეს? როგორ ხდება რომ კეზერაშვილი აქ არაა? ჩემი პასუხია ხუთ წუთში რომ გინდათ ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი დაგილაგოთ, ეგრე არაა”, – მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა მას ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნით კანონი არ დარღვეულა.
“ის არ იყო ბრალდებული. არავითარი იურიდიული პროცედურა არ იყო დარღვეული. მას შეეძლო ყოფილიყო მთავარი პროკურორი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
04.01.14