საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
პირისპირ შეხვედრისას, პრეზიდენტებმა პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
“ზაგულბას” სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. მხარეებმა ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სარტანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
გიორგი მარგველაშვილი დღეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.
12.02.14