საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს ჯიღაურას მეურნეობის გარდა, წილკნისა და ახალქალაქის სამეურნეო ობიექტები გადასცა.
როგორც ჟურნალისტებს ჯიღაურას მეურნეობის დათვალიერებისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიპს – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს, აიპ “აგროსა” და შპს “აგრო ქართუს” უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცემა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ცენტრს ჯიღაურას მეურნეობის გარდა გადაეცემა 26 ჰექტარი ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც ასევე სოფელ ჯიღაურაშია განთავსებული. გარდა ამისა, ცენტრის საკუთრებაში გადავა წილკანისა და ახალქალაქის სამეურნეო ობიექტები, სადაც კარტოფილის ელიტური თესლის წარმოება მიმდინარეობს, ასევე ბოსტნეულის თესლისა და მარცვლეულის.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წილკნის სამეურნეო ობიექტის ფართობი 7 ჰექტარია, ხოლო ახალქალაქის სამეურნეო ობიექტის ფართობი 250-მდე ჰექტარს შეადგენს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული მეურნეობები თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის გადაცემულ ქონებაში 20 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა ჩადებული. ამასთან, როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომლის ბაზა ჯიღაურას მეურნეობაში იქნება.