არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან იუსტიცის სახლში შეხვედრას მართავენ.
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უსუფაშვილთან მოლაპარაკებების მიზნით თითქმის ყველა არასაპარლამენტო პარტიის ლიდერი მივიდა. კონსულტაციებში მონაწილეობს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური.
კომენტარები შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებისთვის მხოლოდ ჯონდი ბაღათურიამ და ალეკო შალამბერიძემ გააკეთეს. როგორც ბაღათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ საარჩევნო გარემოს გათანაბრების მიზნით ხელისუფლება ნაბიჯებს გადადგამს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ რეფორმას და არა ერთ რომელიმე ცალკეულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას.
“ჩვენ ან მივდივართ სისტემური რეფორმის მიმართულებით, ან არა. როგორც არ არსებობს ნახევრად ორსულობა, ასევე არ არსებობს სანახევრო რეფორმა. ამიტომ ველოდებით წინადადებებს რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯონდი ბაღათურიამ.
“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი ალეკო შალამბერიძე კი ამბობს, რომ მერებისა და გამგებლების არჩევასთან დაკავშირებით 50%-იანი ბარიერის დაწესების გადაწყვეტილება არასაპარლამენტო ოპოზიციის გამარჯვებაა. მისი თქმით, პროცესი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით დაწყებულია და ელიან, რომ ამ თვალსაზრისით სხვა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული.
17.02.14