ძალიან სუსტია ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, მათ შორის – კერძო სექტორისაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა, სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებული ფორუმი მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალია დასაქმების ზრდის ტემპი.
“სამწუხაროდ, ექსპორტი არადივერსიფიცირებულია, დაბალია მისი დამატებული ღირებულება, სუსტია ახალ ბაზრებზე შეღწევისა და დამკვიდრების მაჩვენებლები. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ძალიან სუსტია ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, მათ შორის კერძო სექტორისაც, რომელიც ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი კომპონენტია. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალია დასაქმების ზრდის ტემპი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის თქმით, ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.
“ამ საქმეში დიდ მნიშვნელობა აქვს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებას. საჭიროა გადაიდგას თანამიმდევრული ნაბიჯები დეცენტრალიზაციის მიმართულებით და გაიზარდოს რეგიონალური ერთეულების როლი ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაში. ეს იქნება საერთო ეროვნული წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი”, – აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, მთავრობა, მისი ეკონომიკური გუნდი მზად არის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.
“ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ პატივცემული ექსპერტების რეკომენდაციები და მოსაზრებები, რომლებსაც გავითვალისწინებთ ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას”, – დასძინა ღარიბაშვილმა.
18.02.14