20-21 თებერვალს, საქართველოში დაგეგმილია ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის გიუნტერ ოტინგერს ვიზიტი.
ევროკომისარი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენერგეტიკის მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრისა და ენერგოკომისრის ერთობლივი პრესკონფერენცია.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისრის საქართველოში ვიზიტის დროს ოფიციალურად გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე. რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთო ევროპულ ბაზარზე ენერგეტიკის სფეროში.
დაგეგმილია გიუნტერ ოტინგერის სიტყვით გამოსვლა სემინარზე – „საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შესაძლებლობები და გამოწვევები“- რომელიც იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. მასში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, პარლამენტის, ევროკავშირის, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების, სამოქალაქო სექტორის, უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ევროკომისარი, ასევე დაესწრება ენერგეტიკის სფეროში ბიზნესის ფორუმის გახსნის ცერემონიალს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი და ქართველი ბიზნესმენები.
ბატონი ოტინგერის ვიზიტის პარალელურად, 2014 წლის 20-21 თებერვალს საქართველოს გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი ეწვევა. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის „სიმენსი“, „გერმანიის რკინიგზა“, “გერმანიის ბანკი”, „ჰაიდელბერგ ცემენტი“. აღნიშნული ჯგუფის მთავარ მიზანს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესწავლა წარმოადგენს. გერმანელ ბიზნესმენთა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გერმანულ-ქართული ბიზნეს ფორუმის გამართვა, ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერი გახსნიან. ღონისძიებას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ასევე დაესწრებიან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გერმანელი ბიზნესმენების შეხვედრები, როგორც ადგილობირივი ბიზნესწრეების, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. ღონისძიება 20 თებერვლას სასტუმრო “Radisson Blu Iveria”-ში, 16. 00 საათზე გაიმართება.
19.02.14