დღეს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაფართოებული შეხვედრა გამართა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერთან.
მხარეებმა საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს და აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. მათ შორის, გასული წლის ნოემბერში ვილნიუსში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ევროკავშირის გუნდი მხარს უჭერს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების იდეას. რაც შეეხება მოსამზადებელ პროცესს, მოლაპარაკებები დაახლოებით 6-8 თვე გაგრძელდება და შეთანხმებაზე ხელმოწერა მიმდინარე წლის ოქტომბრამდე მოხდება.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე.
გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე დაესწრნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთეს.
„ამიერიდან ჩენ გვექნება ამბიციური მიზანი, მოვილაპარაკოთ შემდეგი 6 თვის განმავლობაში და გადაწყვეტილება მივიღოთ სექტემბრისთვის, რათა საქართველო ჩვენი ენერგეტიკული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს, გვქონდეს საერთო წესები, სტრატეგია, ინფრასტრუქტურა. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია,“–განაცხადა გიუნტერ ოტინგერმა.
20.02.14