დედაქალაქის მერია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს აპროტეტსტებს. საუბარია პარლამენტის მიერ 5 თებერვალს დამტკიცებულ ცვლილებების პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლება და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ ადამიანის შრომის უფლებას. მათივე შეფასებით, ასეთი პრეცედენტის ძალაში დატოვება, “უმრავლესობას მხრიდან მსგავსი თვითნებური და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღებას წაახალისებს”.
მერია საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ასევე საერთაშორისო აქტების იმ მუხლებზე მიუთითებს, რომელიც მისივე შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ირღვევა.
“საყურადღებოა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, კონკურსი ცხადდება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. შესაბამისად, ცალსახაა, რომ კანონმდებელმა ამ გადაწყვეტილებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გათავისუფლებულად გამოაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე (დაახლოებით 13 000 ადამიანი). ეს მაშინ, როდესაც ადამიანის შრომის უფლება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებაა.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
ამ მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადამიანის უფლება – ეკავოს სახელმწიფო თანამდებობა, დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებზე და კვალიფიკაციაზე, რამდენად შეესაბამება ის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე განმწესებული პირის გათავისუფლება კი მხოლოდ ასევე კანონით მკაფიოდ განსაზღვრული წესით და შესაბამისი დასაბუთებით უნდა მოხდეს. კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის X თავი სწორედ ამიტომ ამომწურავად განსაზღვრავს საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, როგორიცაა, მაგალითად, დაწესებულების ლიკვიდაცია, სამსახურის ვადის გასვლა, თანამდებობასთან შეუსაბამობა და ა.შ. შესაბამისად, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის ამ ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისას (სამსახურიდან გათავისუფლებისას) სავალდებულოა დასაბუთდეს, კანონში მითითებული რა საფუძვლით ან რა დარღვევის გამო ხდება მოხელის მიმართ ამ მკაცრი ზომის გამოყენება.
კანონმდებლის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება და კანონით ყველა მოხელის გათავისუფლებულად გამოცხადება უბრალოდ თვითნებობაა, რაც მაგალითად ნიშნავს, რომ მომავალში ნებისმიერ დროს კანონმდებელს კვლავ შეეძლება გათავისუფლებულად გამოაცხადოს მოხელეები, მხოლოდ იმიტომ რომ მას ასე სურს. აღნიშნული კი თანამდებობაზე დანიშვნის აქტს (კონკურსის შედეგად, თუ სხვა ფორმით) აბსოლუტურად პირობითს ხდის და ადამიანის შრომის უფლება დამოკიდებული ხდება არა თავად მასზე, კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად იშრომოს და ამით გარანტირებულად დაცული იყოს მისი შრომის უფლება, არამედ პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატების ახირებაზე, მიიღონ ისეთი კანონი, როგორიც მათ პოლიტიკურად სჭირდებათ მიუხედავად იმისა, რომ ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია.
შრომის უფლება ასევე დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომლებიც ხელმოწერილია საქართველოს მიერ.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია: – ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.
ნაცვლად იმისა, რომ ამ დანაწესის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ზრუნავდეს დასაქმებული ადამიანების დაცვაზე, მათთვის სათანადო გარანტიების შექმნაზე და სრულყოფდეს იმ ნორმებს რომლებიც მათ გათავისუფლებას ზღუდავს, როგორც უკვე აღვნიშნეთ პარლამენტმა მიღებული კანონით პირდაპირ, დასაბუთების გარეშე უმუშევრად გამოაცხადა 13 000-მდე ადამიანი, რაც დეკლარციის აშკარა და უხეში დარღვევაა.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლება ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები …
როგორც ვხედავთ, შრომის უფლება დაცულია ამ შეთანხმებითაც, ხოლო ამ უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ამ პაქტის მე-4 მუხლი ადგენს შემდეგს: ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებათა გამოყენების მხრივ, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის შესაბამისად, ამ სახელმწიფოს შეუძლია შემოიღოს ამ უფლებათა მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც განსაზღვრავს კანონი და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეეთავსება აღნიშნულ უფლებათა ბუნებას და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს საერთო კეთილდღეობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ცალსახაა, რომ შრომის უფლების იმგვარი შეღუდვა, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხდება, არანაირად არ შეესაბამება ამ უფლების ბუნებას (კერძოდ, ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებულად გამოცხადება, მიუხედავად იმისა მისი კვალიფიკაცია და მუშაობა შესააბამება თუ არა მის მიერ დაკავებულ თანამდებობას) და 13 000-მდე ადამიანის გათავისუფლებულად გამოცხადებით, რა თქმა უნდა, არანაირად არ ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის ხელშეწყობა. ეს აშკარად, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო პარტიულ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა, გაათავისუფლონ ყველა და თანამდებობაზე დანიშნონ ისინი, ვინც მათ სურთ. ეს კი არსობრივად შრომის უფლების მოსპობას ნიშნავს, რაც ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პაქტის მე-5 მუხლს, რომლითაც დადგენილია, რომ “ამ პაქტში არ შეიძლება არაფრის განმარტება ისე, თითქოს ნიშნავდეს, რომ რომელიმე სახელმწიფოს, რომელიმე ჯგუფს ან რომელიმე პირს ჰქონდეს უფლება ეწეოდეს რაიმე საქმიანობას ან სჩადიოდეს რაიმე მოქმედებას, რომელთა მიზანია ამ პაქტით აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ ვალდებულების მოსპობა ან შეზღუდვა უფრო მეტად, ვიდრე ეს პაქტი ითვალისწინებს”.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი: – თითოეულ მოქალაქეს რაიმე დისკრიმინაციისა და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა: მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში როგორც უშუალოდ, ისე თავისუფ;ლად არჩეული წარმომადგენლობის საშუალებით; თავის ქვეყანაში თანასწორობის საერთო პირობებით შეეძლოს სახელმწიფო სამსახურში შესვლა.
აღნიშნული პაქტიც არ უშვებს სახელმწიფოს მიერ თვითნებურად და უარგუმენტაციოდ შრომის უფლების გაუქმებას. კერძოდ, არ შეიძლება შეზღუდოს ან დაკნინდეს ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოში აღიარებულია ან არებობს კანონის, კონვენციების, წესების ან ზნე-ჩვეულებების ძალით…
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია: – თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მოხელეთა სამსახურის პირობები უნდა იძლეოდნენ იმის საშუალებას, რომ მოხდეს მაღალკვალიფიციური პერსონალის დაქირავება დამსახურებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე…
ნათელია, რომ მოხელის შრომითი უფლება უნდა იყოს გარანტირებული და დაცული, ხოლო მისი შეზღუდვის ყველა წინაპირობა კანონით მკაფიოდ განსაზღვრული. მხოლოდ ასე შეიძლება საჯარო სამსახურში მაღალკვალიფიციური მოხელეების დასაქმება; ხოლო თუ სამსახურში ყოფნა დამოკიდებული იქნება ერთი პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე (როგორც ეს ამ შემთხვევაში ხდება), გარდა იმისა რომ ეს ადამიანის შრომის უფლების ხელყოფაა, ის ყოველგვარ სურვილს მოუსპობს ადამიანებს იყვნენ სახელმწიფო სამსახურში.
დასკვნის სახით, ნათელია, რომ აღნიშნული კანონი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ ადამიანის შრომის უფლებას. მსგავსი პრეცედენტის ძალაში დატოვება, კი წაახალისებს საპარლამენტო უმრავლესობას მსგავსი თვითნებური და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებები მიიღონ მომავალშიც ნებისმიერი უწყების მოხელეების მიმართ. აღნიშნული კი, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის დაუმსახურებლად და უარგუმენტოდ შექმნილ პრობლემებს ნიშნავს, ასევე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზეც, რადგან მსგავის კანონის მიღება აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდბულებას ქვეყანაში გარანტირებული იყოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებები”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
24.02.14