საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, თურქეთის რესუბლიკის პრეზიდენტს აბდულა გიულის ესაუბრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და შავი ზღვის აკვატორიაზე ამ პროცესების გავლენა განიხილეს.
პირველმა პირებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრეს უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე.
პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნია ის ფუნქცია, რომელიც თურქეთმა ამ კრიზისის განმუხტვისათვის აიღო.
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა მაისში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ შეხვედრაზეც ისაუბრეს, სადაც კიდევ ერთხელ განიხილება სახელმწიფოთაშორისი პროექტებისა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობა.
საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომუნიკაციას მომავალშიც განაგრძობენ.
დღესვე, გიორგი მარგველაშვილსა და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის შორისაც შედგა სატელეფონო საუბარი. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ, უახლოეს პერიოდში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობა. პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქვეყნის პირველ პირს მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გზაზე.
საუბრის დასასრულს ბრონისლავ კომოროვსკიმ გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში დაპატიჟა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მოიწვია.
03.03.14