საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, იმ გამოცდილებიდან, რომელიც ქვეყანას აქვს და რომელსაც “უკრაინაში ვუყურებთ” ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთისგან საქართველოზე მოსალოდენლია გაძლიერებული ზეწოლა.
ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე, რუსეთმა განაახლა მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, გარდა ამისა, ჯერ კიდევ არის 11 კილომეტრიანი ე.წ. უსაფრთხოების ზოლი, რომელმაც რუსეთმა გადმოსწია. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ითქვა, რომ ეს ე.წ. უსაფრთხოების ზოლი სოჭში პარაოლიმპიური თამაშების შემდეგ უნდა გაუქმდეს.
“ასეთი სახის ზეწოლას და პროვოკაციას ველოდებით”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, 14 მარტს დაგეგმილია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა და მან იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად გაირკვევა სიტუაცია.
“გვეცოდინება თუ რას უნდა ველოდოთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთისგან. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერის, ჩვენი მეგობრების დახმარების იმედი, რომ აგვაცილებენ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დადგა უკრაინა და რომლის წინაშეც შეიძლება სხვა დადგეს. ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ ამ საფრთხეებს და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ მათ თავიდან აცილებას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
04.03.14