შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს , უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების გამო, მადლობა გადაუხადა.
“პატრიარქის განცხადება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და საჯაროდ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უწმინდესს. არსებობდა რაღაც მოსაზრებები ზოგიერთ ჯგუფებში ეკლესიის როლსა და და თითქოს მისი დუმილის შესახებ. ამიტომ, პატრიარქის მკაფიო განცხადება არის უაღრესად სერიოზული მხარდაჭერა იმ პოლიტიკის, რომელიც ცალსახად და მკაფიოდ, ევროპისკენ არის მიმართული”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, მას შეუძლია ჩამოთვალოს ევროპის უამრავი სახელმწიფო, რომელიც ეთნიკურ პრინციპებზეა დაფუძნებული, სადაც შენარჩუნებულია როგორც ეროვნული თვითმყოფადობა, ტრადიციები, ისე ევროპული ღირებულებები.
“ეს არის ძალიან იოლი. ჩვენ ევროპელები ვართ. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მუდმივად ევროპაზე ვფქირობდით და დღეს, რეალურად დადგა ის მომენტი, რომ საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი ოცნება აისრულოს, შეაზავოს ერთმანეთში ის, რაც შეზავებადია – ტრადიციები და ევროპული ღირებულებები”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
“მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორციელდეს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ საპატრიარქოში, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრის დასაწყისში უწმინდესმა მადლობა გადაუხადა შტეფან ფულეს იმისთვის, რომ გამოძებნა დრო მასთან შესახვედრად და აღნიშნა, რომ საქართველომ გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ახლა მიემართება ევროპული სტრუქტურებისკენ.
“ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა მიმართა შტეფან ფულეს, რომ მისთვის პრესიდან გახდა ცნობილი შტეფან ფულეს სურვილი, დაერწმუნებინა პატრიარქი, საქართველო თავისი ტრადიციებით, ფასეულობით გახდეს ევროკავშირის წევრი.
“მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს”, – აღნიშნა უწმინდესმა.
05.03.14