თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის მარტყოფში ახალი ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს დევნილთა მინისტრმა , დავით დარახველიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, რამდენიმე სართულიანი შენობის მშენებლობას ამერიკული მხარე დააფინანსებს და დადებითი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
“აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულმა ვიზიტმა შედეგი უკვე გამოიღო – სულ მალე დაიწყება თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის ახალი ცენტრის დაპროექტება-დაფინანსება, რომელიც მარტყოფში აშენდება და 80 ადგილზე იქნება გათვლილი. ამის თაობაზე აშშ-ის სარდლობის ევროპის წარმომადგენლობასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და საკითხი დადებითად გადაწყდა, რის შესახებაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გვაცნობა”, – განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ვალდებულებას წარმოადგენს. ახალი თავშესაფრის სრული კაპიტალიზაცია 2 მილიონ ლარამდე ჯდება. მშენებლობა წელს დაიწყება.
06.03.14