მე თუ გავიმარჯვე, მადლობას გადავუხდი თბილისელებს, დავით ნარმანიამ თუ გაიმარჯვა, მადლობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს უნდა გადაუხადოს , – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ არა რწმენა, რომ მას აქვს რეალური შანსი დაამარცხოს ხელისუფლების კანდიდატი 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში, იგი პრაიმერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
“ვაშაძე არ არის სუსტი კანდიდატი, პრაიმერის შემდეგ მე ვიქნები თუ ვაშაძე, დარწმუნებული ვარ, რომ სერიოზულ კონკურენციას გავუწევთ ხელისუფლების კანდიდატს. მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან გაცხადებული ფრაზა, რომ ნარმანია არის უალტერნატივო კანდიდატი, ყოველგვარ სიმართლეს მოკლებულია. მე თუ გავიმარჯვე, მადლობას გადავუხდი თბილისელებს, ნარმანიამ თუ გაიმარჯვა, მან მადლობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს უნდა გადაუხადოს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, მას კონკრეტული გეგმა აქვს, როგორც გააუმჯობესოს თბილისელების მდგომარეობა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარადგენს. ნიკა მელიას თქმით, ისეთი სერვისები უნდა დაინერგოს, რომელიც მოსახლეობას განწყობას გაუჩენს, რომ მერია და მოსახლეობა პარტნიორები არიან.
“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკრებულოს მომზადებული აქვს თბილისის ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტი. როგორც მელიამ აღნიშნა, საკრებულოს თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება მისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო და იმედი აქვს, რომ ბიუჯეტი დამტკიცდება.
“გაიაზრეს, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ჩვენი კი არა, თბილისის მაცხოვრებლობის მარცხი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური, პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ, თუმცა მიხვდნენ, რომ მსგავსი ქმედება მათ მარცხთან მიიყვანდათ “, – განაცხადა მელიამ.
06.03.14