საქართველოში დღეს ნატო-ს კვირეული დაიწყო. კვირეული ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა გახსნეს.
ამასთან, როგორც კვირეულის გახსნამდე ალექი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-ს კვირეული საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.
“ნატო-ს კვირეულით, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოებას, ნატო-ს თანამეგობრობას და ჩვენ სამეზობლოს კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მისწრაფების შესახებ და ამ მისწრაფებების განხორციელების დაჩქარების აუცილებლობაზე. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს პროცესი დასრულებული არ არის, ეს პროცესი დასაჩქარებელია. უკრაინის ოკუპაციის ფონზე მივიჩნევთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესები დაჩქარდეს”, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
კვირეულის გახსნის შემდეგ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია “გზა ნატოსკენ – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება” დაიწყო. კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი დონის სტუმრები ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
“მნიშვნელოვანი კვირეული დაიწყო, დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებობა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განვიხილოთ მათი გამოცდილება, როგორ მოხდა მათი ნატო-ში ინტეგრირება, გავუზიაროთ ის პროცესი, რომელშიც საქართველო იმყოფება. ნატო-ს უელსის სამიტამდე დარჩენილ პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ძალიან საინტერესო იქნება მათი ხედვა ამ გამოწვევებთან გამკლავების და ასევე ჩვენ მათ უნდა გავიზიაროთ ჩვენი პოზიციები, საინტერესო დისკუსია უნდა გაიმართოს და ველოდებით, რომ შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი ამ მეტად სასარგებლო ფორუმის შემდეგ”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა.
ნატო-ს კვირეული, რომელიც 7-16 აპრილის განმავლობაში გაიმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, რუმინეთის საელჩოს და ატლატიკური საბჭოს მხარდაჭერით ტარდება.
07.04.14