საყდრისის საბადოს ბანაკის დაცვის წევრებმა გადაიღეს ვიდეომასალა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ მაღაროს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ისინი ირწმუნებიან, რომ საყდრისის ტერიტორიაზე განახლდა ოქროსმომპოვებელი სამუშაოები, რისი უფლებაც, მათი განცხადებით, კომპანია RMG-ს არ აქვს. ამასთან დაკავშირებით მათ საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს.
საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრს კომპანია RMG-ს დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები საბადოს მიმდებარე მთაზე ასვლას ცდილობდნენ, რაშიც დაცვის სამსახურის თანამშრომლები ეწინააღმდეგებოდნენ.
ამ წუთებში საბადოს მიმდებარე ტერიტორიის უკანა მხარეს კომიტეტის წევრებმა კარავი გაშალეს. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას არ დატოვებენ. ამ წუთებში სიტუაცია განმუხტულია. ადგილზე რჩებიან კომიტეტის წევრები და კომპანიის დაცვის თანამშრომლები.
19.04.14