ივანე ჯავახიშვილის და ილიას უნივერსიტეტები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს რომ ვეტო დაადოს 19 აპრილ პარლამენტის სამოქალაქო კოდექსში მიერ მიღებულ ცვლილებებს.
მათი განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მთავრობას უფლებას აძლევს უხეშად ჩაერიოს უნივერსიტეტის ფუნქციონერებაში და მოახდინოს მათი რეორგანიზაცია.
უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ მიმართვას „თბილისი თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ ეს შესწორება უფლებას აძლევს მთავრობას უხეშად ჩაერიოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული უმაღლესი სასწავლებლების – სახელმწიფო უნივერსიტეტების ფუნქციონირებაში და მოახდინოს მათი რეორგანიზაცია უმაღლესი სასწავლებლის მოქმედი სუბიექტების, პროფესორების და სტუდენტების მიერ არჩეული – კოლეგიალური მმართველობითი ორგანოების დაუკითხავად და მათი ნების საწინაამღდეგოდ. ამით უქმდება უნივერსიტეტების ფუძემდებლური პრინციპი – აკადემიური თავისუფლება, რომლის უპირობო წყაროც უნივერსიტეტების თვითმმართველობაა.
გარდა ამისა, ეს შესწორება გააადვილებს მთავრობის მიერ ააიპ უმაღლესი სასწავლებლების უძრავი, მოძრავი და ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების სახელმწიფოს ხელში გადასვლა ბევრად უფრო ადვილი და სამართლებრივად ნაკლებად წინაამღდეგობრივი პროცესი შეიძლება გახდეს, ვიდრე ეს კერძო სამართლის სუბიექტი უნივერსიტეტის შემთხვევაშია. ამით დაირღვევა პროფესორების, მკვლევრების და სტუდენტების ერთობის მფლობელობაში მყოფი და მათ მიერ შექმნილი კერძო და ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობის უფლება.
როგორც თქვენთვის ცნობილია, კერძო და ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობა და თვითმმართველობა უმაღლესი სასწავლებელის წარმატების უპირობო და გარდაუვალი საფუძველია: ყველა არსებული აკადემიური რეიტინგით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები, დამფუძნებლის მიუხედავად, კერძო საკუთრების მფლობელნი და თვითმმართველნი არიან: მათი წარმატება უკავშირდება კერძო და ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობას და შეუფერხებელი განვითარების უფლებას. ინტელექტუალური და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარეშე შეუძლებელია უნივერსიტეტის სრულყოფილი ფუნქციონირება და შესაბამისად, ქვეყანაში ცოდნაზე და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის გაჩენა. 19 აპრილის შესწორება სპობს იმ საფუძველს, რომელიც საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში ვითარდებოდა უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რამაც გამოიწვია საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლების და კვლევის ხარისხის უპრეცენდენტო ზრდა და შესაბამისად, მათი მნიშნველოვანი წინსვლა საერთაშორისო აკადემიურ რეიტინგში.
მეორე მხრივ, ჩვენ არ ვართ წინაამღდეგი, რომ რომელიმე უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს საჯარო სამართლის სუბიექტად გახდომა, სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობაში შესვლა და ავტონომიურობის დათმობის ხარჯზე კონკრეტული პრივილეგიების მიღება. ვფიქრობთ, რომ ამის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირება შესაძლებელია, თუმცა, საკანონმდებლო დონეზე ასევე საჭიროა დაფიქსირდეს, რომ ეს პროცესი უნდა განხორცილდეს უნივერსიტეტის ყველა კოლეგიალური მმართველი საბჭოს თანხმობით და სურვილით.
ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და დაადოთ ვეტო სამოქალაქო კოდექსში ა.წ. 19 აპრილ შეტანილ ცვლილებას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
07.05.13