საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ამერიკის წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლებს.
„აშშ-ში სამუშაო ვიზიტი, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება, მრავალი ღონისძიებით იქნება დატვირთული. შევხვდები აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების, კონგრესის და წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევხვდები აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ბატონ ჯო ბაიდენს, რათა განვიხილოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, არსებული გამოწვევები, ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოვების პერსპექტივები და აშშ-ის როლი რეგიონში. ასევე შევხვდები, ორმხრივ ფორმატში, თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ“- განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე სახელწოდებით „ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის“. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისოკვლევების ცენტრში (CSIS), დაგეგმილ დისკუსიაში, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ინსტიტუტია საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში.
მინისტრი აგრეთვე გამართავს ოფიციალურ სადილს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ელჩებთან ვაშინგტონში.
ვიზიტი/შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, რიგის სამიტი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარიდან 4 თებერვლამდე გასტანს.
28.01.15