ზოგადად ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ–ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს.
ასევე ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების ინტენსიური ზემოქმედებით, მეურნეობის მრავალდარგობითა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით.
საყურადღებო და მნიშვნელოვანია დაბინძურებისგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხი, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი ჰაერი კანონით დადგენილ ნორმაზე მეტ ტოქსიკურ ნაერთებს შეიცავს. ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მეტად საქართველოს დიდი ქალაქები გამოირჩევა, ამის ძირითადი მიზეზი კი ავტოტრანსპორტისა და მსხვილი საწარმო ობიექტების გამონაბოლქვია.ზოგადად ეკოლოგიური საფრთხეების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ხომ ზუსტად ეს გამონაბოლქვია. როგორც ცნობილია ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევაში 62-78% – ს შეადგენს. დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფას ხელს უწყობს, როგორც ავტომობილის ტექნიკური პრობლემები, ისე საწვავის დაბალი ხარისხი. გასათვალისწინებელი და საყურადღებოა, რომ დაბინძურებული გარემო და ჰაერი პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ბუნებრივია იზრდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რიცხვიც. შესაბამისად საუბარია იმაზე, რომ თბილისში სისხლძარღვებისა და ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა.
დედაქალქში ჰაერს განსაკუთრებით სმოგი აბინძურებს, ის კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. ბუნებრივია ამის მთავარი მიზეზი დღეს არსებული ავტომობილებითა და სხვა ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩებია.
როგორ უკვე აღვნიშნე, დღესდღეობით მრავალი ეკოლოგიური პრობლემა არსებობს, რომელიც კვლავ საკამათო და მოუგვარებელია. სწორედ ამ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე „თბილისი თაიმსი“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობას“ ესაუბრა.
თანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემები? როგორ ებრძვის დღეს ჩვენი ქვეყანა მას?
– ეკოლოგიური პრობლემები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარების დონეზე. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ქვეყნებს სხვადასახვა გარემოსდაცვითი პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ და მათ მოსაგვარებლადაც სწორედ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება დასჭირდეთ. რაც უფრო ინდუსტრიულად განვითარებულია ქვეყანა, მით მეტია ნარჩენის წარმოქმნის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების რისკი, ხოლო ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, გარემოს სხვა მხრივ ადგება ზიანი, კერძოდ, ბუნებრივი რესურსის გადამეტებული მოხმარებით. მაგ: ტყეების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება და ა.შ., რაც სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. სამინისტროს ამოცანაა იზრუნოს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, არსებული რესურსებით, მაქსიმალურად აიცილოს გარემოზე ისეთი ზიანის მიყენება, რასაც გამოუსწორებელი შედეგები ექნება შემდგომი თაობებისთვის. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა აუცილებელ კავშირში უნდა იყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკის განვითარებასთან. გარემოს დაცვა და ეკონომიკის განვითარება სწორედ ადამიანის კეთილდღეობას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ თითოეული დამოუკიდებლად განიხილებოდეს, ან ერთმანეთს უპირისპირდებოდეს.
დღეს ასევე მწვავედ დგას დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხი. ამის ძირითად მიზეზად კი ავტოტრანსპორტისა და მსხვილი საწარმო ობეიქტების გამონაბოლქვი სახელდება. რას იტყვით ამის შესახებ?
– საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სამრეწველო ობიექტებიდან და სოფლის მეურნეობის დარგებიდან. მათგან ძირითადი დამაბინძურებელია ავტოტრანსპორტი და ენერგეტიკა, რადგან ბოლო წლებში იზრდება ამ სექტორებში მოხმარებული საწვავის რაოდენობა. სამრეწველო სექტორიდან კი ატმოსფეროში ძირითადად მტვერი, აზოტისა და გოგირდის ოქსიდები გაიფრქვევა, რომელთა რაოდენობრივი ცვლილების ხასიათი განპირობებულია საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი ცვლილებით. მტვერგაფრქვევით ძირითადად ხასიათდება მრეწველობის ისეთი ქვედარგები, როგორიცაა: ცემენტის, გაჯისა და ასფალტ-ბეტონის წარმოებები.
რეალურად რამდენი წილი მოდის ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურებაზე?
– ურბანული გარემოს უმთავრესი დამაბინძურებელი არის ავტოტრანსპორტი, რომელიც ნახშირბადის მონოქსიდისა და აზოტის ოქსიდების ემისიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. აღნიშნული დამაბინძურებლების (CO და NOx) მიხედვით, ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში 62-78%-ს შეადგენს.
ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ჰაერის დაბინძურების ძირითად მიზეზად ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვს ვასახელებთ, აქვე უნდა განვიხილოთ საწვავის ხარისხი. თქვნ რას ფიქრობთ ,საწვავის ხარისხი პირდაპირ ხომ არ აისახება გარემოს დაბინძურების მაჩვენებელზე ?
– ავტოტრასნპორტის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მოცულობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული და მათ შორის ერთერთი მნიშვნელოვანი საწვავის ხარისხია. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილება განპირობებულია მოხმარებული საწვავის სახეობით, ხარისხით და რაოდენობით. საწვავში შემავალ ეკოლოგიურ მახასიათებლებზე (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადების, გოგირდის და ა.შ შემცველობა) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამონაბოლქვის რაოდენობა და ტოქსიკურობა.
ავტოტრანსპორტიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შემცირების მიზნით 2014 წლიდან დაიწო საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმების ეტაპობრივი გამკაცრება, კერძოდ „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 და „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 დეკემბრის №238 დადგენილებებში შეტანილ იქნა ცვლილებები. განხორციელებული ცვლილებების თანახმად 2015 წელს ბენზინში გოგირდის შემცველობა 3-ჯერ შემცირდა და განისაზღვრა არა უმეტეს 50 მგ/კგ-ით, ხოლო 2017 წლისთვის მისი მასური წილი გაუტოლდება ევროკავშირის სტანდარტს – 10 მგ/კგ. 2016 წლიდან კი დიზელის საწვავში გოგირდის მასური წილი განისაზღვრა არა უმეტეს 150 მგ/კგ-ით;
მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე 2016 წლიდან საავტომობილო ბენზინში ბენზოლის მოცულობითი წილი 3-ჯერ, ხოლო არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი 1,2-ჯერ შემცირდება და გაუტოლდება ევროსტანდარტს.
დღეს საქართველოს დედაქალაქში მშენებლობების ბუმია, ამის ფონზე როგორ შეიძლება დავიცვათ გარემო მავნე ნივთიერებებისგან?
– მშენებლობის პროცესში ჰაერში ძირითადად მტვერი გაიფრქვევა. ამიტომ მტვრის გავრცელების მინიმიზაციის მიზნით უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონიძიებები, მაგალითად გამოყენებულ უნდა იქნეს მშენებლობისთვის განკუთვნილი შენობების სპეციალური საფარი, ქარიან ამინდში, უნდა ხდებოდეს სამშენებლო მასალების ნაყარების ზედაპირების დანამვა, ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებისას ავტოტრანსპორტის ძარები დაფარული უნდა იყოს ჰერმეტულად და ა.შ.
არსებობს თუ არა რაიმე ტიპის მონიტორინგი ჰაერის დაბინძურების ხარისხის დასადგენად? როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში? და როგორია ეს მაჩვენებელი?
– ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი წარმოებს ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში. ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი წარმოებს ქალაქის ოთხ წერტილში. დაკვირვების სამ პუნქტში – კვინიტაძის ქუჩაზე (თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების გადაკვეთაზე) ისაზღვრება ნახშირჟანგის, მტვრის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ტყვიის კონცენტრაციები; მოსკოვის გამზირზე – აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის კონცენტრაციები; წერეთლის გამზირზე კი – ნახშირჟანგის, აზოტის დიოქსიდისა და მტვრის კონცენტრაციები. რაც შეეხება მეოთხე პუნქტს ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ქალაქის ფონური ავტომატური სადგური, რომელიც უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში აწარმოებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგს. ეს სადგური ქვეყანამ მიიღო ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს იაპონიის გრანტის ფარგლებში ასევე მოხდება ზემოაღნიშნული სამი არაავტომატური სადგურის თანამედროვე ავტომატური ხელსაწყოებით აღჭურვა. რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ზესტაფონში განთავსებულ პუნქტებში ასევე ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობები.
ზოგადად გარემოს ერთ-ერთ დიდ საფრთხეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები უქმნის, რა ხდება ამ მხრივ?
– ბოლო პერიოდამდე საქართველოში არ არსებობდა ნარჩენების მართვის ერთიანი საკანონმდებლო სისტემა, ნაწილობრივ არსებული რეგულაციები სრულად ვერ ასახავდა დღევანდელ რეალობებს და შესაბამისობაში არ იყო საერთაშორისო მოთხოვნებთან, მათ შორის ნარჩენების მართვის თაობაზე ევროდირექტივების მოთხოვნებთან. არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
აუცილებელია ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა, რაც მდგომარეობს შემდეგში: საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ნარჩენების შეგროვების და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების მშენებლობა, ძველი ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი წესების დაცვით, ნარჩენების გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნარჩენების მართვის თვინინგის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა და პარლამენტის მიერ მიღებული იქნა საქართველოს კანონი “ნარჩენების მართვის კოდექსი” (ძალაში შევიდა 2015 წლის 15 იანვარს), რომელიც სრულ შესაბამისობაშია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ევროდირექტივების მოთხოვნებთან.
კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას) ამ კოდექსის მთავარ ამოცანას კი წარმოადგენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.
კანონის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება/განხორციელება, ნარჩენების მართვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და ა.შ. ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ნარჩენების მართვის კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტების კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება და დახურვა განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას.
საყოფაცხოვრებო ნარჩენები აღნიშნული კოდექსის თანახმად არის საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, 2013 წლიდან მიმდინარეობს არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა და ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობა.
არსებული მდგომარეობით, ექსპლუატაციაში შევიდა 19 არსებული ნაგავსაყრელი. შეძენილი იქნა 16 ერთეული მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი). გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ ხორციელდება, რომლის ღირებულება შეადგენს 26 მლნ. ევროს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქუთაისის ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი და ნაგავგადამტვირთი სადგურები და დაიხურება ქ. ქუთაისის ძველი ნაგავსაყრელი, სადაც ამ ეტაპზე განხორციელებულია შესაბამისი ღონისძიებები.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით კი „ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი“ ხორციელდება ჯამური ღირებულებით – 12 მლნ. ევრო. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლისთვის მოეწყობა ცენტრალური ნაგავსაყრელი მარნეულის მუნიციპალიტეტში და შესაბამისად ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში ნაგავგადამტვირთი სადგურები. დაიხურება ძველი ნაგავსაყრელები. პროექტი დაგეგმარების პროცესშია.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება აჭარის რეგიონისათვის ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის ღონისძიებები. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად უახლოეს პერიოდში წარდგენილ იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
ნარჩენების მართვის კოდექსში გაწერილია ნარჩენების მართვასთან და გარემოს დანაგვიანებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და საქმის წარმოება საერთაშორისო სამართალის სტანდარტების და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. განსაზღვრულია კომპეტენტური ორგანოები და ფინანსური სანქციების ზღვრული ოდენობები. აგრეთვე, ზოგადი წესები, რომლებიც შეეხება ნარჩენებთან დაკავშირებულ ყველა სამართალდარღვევას.
რა არის დღეს თქვენი სამინისტროს პრიორიტეტი და როგორია სამომავლო სამოქმედო გეგმა?
– სამინისტროს ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა და გარემოს დეგრადაციის შემცირება, რომელთა მისაღწევადაც სამინისტრომ დასახა რამდენიმე მიმართულება, როგორიცაა: ა) ევროინტეგრაციის გაღრმავება, ბ) მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და გ) გარემოსდაცვითი მართვის გაუმჯობესება. ევროინტეგრაციის კუთხით უპირველესი ამოცანაა ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან. 2014 წელს ასოცირების შესახებ შეთამხების ხელმოწერის შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაიწყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისიწნებული ღონისძიბების გატარება – 2015 წლიდან ძალაში შევიდა ევროიდერექტივების შესბამისად მომზადებული ახალი ნარჩენების მართვის კოდექსი; პარლამენტში წარსადგენად მზადდება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დაფუძნებულია წყლის რესურსების სააუზო მართვის ევროპულ პრინციპებზე; მიმდინარეობს კანონპროექტის „სახეობებისა და ჰაბიტატების“ შესახებ მომზადება; ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების უკეთ რეგულირებისა და ქვეყნის მიერ მონრეალის ოქმით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით დაინერგა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების იმპორტ/ექსპორტის და კვოტირების სანებართვო სისტემა; მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის შესახებ კანონპროექტის შემუშავება შესაბამისი ევროდირექტივების გათვალისწინებით; მიმდინარეობს მუშაობა სევესო III დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად კანონმდებლობის ანალიზის შემუშავებაზე (2015-2016); მომზადდა ნარჩენების იმპორტის, ექსპროტისა და ტრანზიტის შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსია; მიმდინარეობს ტყის კანონის შემუშავება. ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის უკეთ დაგეგმვისა და წარმართვის მიზნით, 2015 წელს სამინისტრომ ევროკავშირის დახმარებით მოამზადა ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი თავების განხორციელების საგზაო რუკა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის გეგმა. საგზაო რუკის მიხედვით წარიმართება ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესი. მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა და მწვანე ბიზნესის ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სამინისტრო გეგმავს შესაბამისი რეგულაციების შემოღებას და წამახალისებელი ღონისძიებების გატარებას. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. გარემოსდაცვთი მმართველობის გაუმჯობესება მრავალ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სისტემის დანერგვა, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ზრდა, გარემოსდაცვითი განათლება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო გარემოსდაცვით ინიციატივებში მონაწილეობა, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებთან ეტაპობრივი ჰარმონიზება.
ეკოლოგიის დღევანდელ ძირითად პრობლემებზე ჩვენ ასევე ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელს რუსუდან სიმონიძეს:
„დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი გარემოსდაცვითი პრობლემა არსებობს. მათ შორის არის ტყეების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ჰაერის დაბინძურებისა და გამწვანების საკითხები. ასევე ძალიან მოისუსტებს, როგორც დღევანდელი ურბანული მდგომარეობა, ისე გარემოს დაცვის განათლების პრობლემა.
დღეს არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ძალიან მძიმეა არის ქიმიური უსაფრთხოება, რადგან ხშირად ხდება შხამ-ქიმიკატების შემოტანა, გავრცელება და გამოყენება, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს.
ზოგადად გარემოს დაბინძურების კუთხით მაინც დიდი ქალაქები გამოირჩევა, თბილისი, ისევე, როგორც ჭიათურა და ზესტაფონი ჰაერის დაბინძურების მხრივ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ასევე არსებობს ტყეებთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ ტყის მასივები, რომლებიც წლების წინ მრავალწლიანი იჯარით გაიცა კვალავ საკამათო და მოსაგვარებელია“.
ჩვენი ორგანიზაციის რჩევა და სურვილია, რომ მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება, რის შემდეგაც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საკითხი და პრობლემა ადვილად მოგვარდება“.
მასალა მოამზადა
ლაკო ბიტ-ბაბიკოვმა