8 ნოემბერს, ყვარელში, რელიგიის სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სამომავლოდ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივად ჩატარებას, რელიგიის სფეროსთან დაკავშირებული საარქივო მასალების კვლევასა და ისტორიული ფაქტების დადგენას.
ამავე დღეს, გაიმართა გამოფენა – “ილია და რელიგიური ტოლერანტობა”. ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსლიმთა თემის და ებრაულთა თემის, ასევე სომხური და მართმადიდებლური ეკლესის წარმომადგენლები.
გამოფენის გახსნაზე დამსწრეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტოლერანტულ გარემოს და იმ დიდ როლს, რაც ამ კუთხით ილია ჭავჭავაძემ შეასრულა. დამთვალიერებლებს, სხვა ექსპონატებთან ერთად, წარუდგინეს ილიასეული ბიბლია და ყურანი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მუზეუმს საჩუქრად გადასცა ბიბლია, ყურანი და რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილი კრებული.
სოფიკო ნინიკაშვილი