მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი, გალიის მიტროპოლიტი ემანუელი:
“კიდევ ერთხელ შეძრა პარიზი უპრეცენდენტო ტერორისტული აქტების სერიამ.
საფრანგეთის მიტროპოლიისა და ქვეყნის მართლმადიდებელი ეპისკოპატის სახელით ვგმობთ ამ ბარბაროსულ აქტებს და ვლოცულობთ ტერაქტის მსხვერპლთა და მათი ოჯახებისათვის.
ეს ტრაგიკული მოვლენები მოგვიწოდებენ საფრანგეთის ნაციონალური ერთობისა და ჩვენი რესპუბლიკის ფასეულობათა, მშვიდობიანი თანაცხოვრების დაცვისაკენ.
მოვუწოდებ, საფრანგეთის ყველა მართლმადიდებელს ილოცოს მსხვერპლის, მათი მშობლებისა და ოჯახებისათვის.
გავაერთიანოთ ჩვენი ლოცვები საფრანგეთისა და ტერორიზმისაგან დაზარალებული სხვა ყველა ქვეყნებისათვის.”
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II:
“ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ღვთის ძალა და ღვთის მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში – ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს იცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ თანავუგრძობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსულმანურ რელიგიას. მაგრამ, სინამდვილეში, რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, რომ სიკეთის არსება გრძელია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს.”
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია):
„ღრმა მწუხარებითა და უდიდესი გულის ტკივილით შევიტყვეთ პარიზში მომხდარი ტეროტისტული აქტების შესახებ, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ასეულობით ადამიანი.
სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოების, მრევლის და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.“
წყარო: www.orthodoxtheology.ge
სოფიკო ნინიკაშვილი