სახლში ორნი არიან მხოლოდ: ის და დედა. დედის აზრით, მას მხოლოდ ორი რამ აკლია: წინა კბილი და ჭკუა. სინამდვილეში კი, მხოლოდ მამის ნაკლებობას განიცდის. დედა კარტოფილის მთლელი ქალია, ძლიერად აწვება ხოლმე საჩვენებელი თითით დანას და ჩაღმავებაც უჩნდება. მას მოსწონს ეს ჩაღრმავება, ხელებზე დამჩვეული ძარღვები და დედის პერანგის სუნი, ბავშვობიდან ასე ნაცნობი.
მას ორი რამის რცხვენია მხოლოდ: სიშიშვლის და იმის, რომ ასე ძალიან ჰგავს თურმე მამას. ეს მსგავსება ერთადერთია, რაც დედას მისი დანახვისას აღიმებს.
მას ორი რამ აიმედებს მხოლოდ: ის, რომ ოდესღაც თავადაც გაიზრდება და რომ მათ ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.
მას ორი რამ გამოსდის მხოლოდ: კარტის თამაში და დედის თმაზე მოფერება. მოფერება ღამით, როცა მას ვერ სძინავს და ღუმელიდან წამოსული შეშის ტკაცუნი დედის ფშვინვას აუჩქარებლად ერწყმის.
გუშინ ღამე ფანჯრის მინა ყინვამ გაბზარა. ცივა სახლში, ძალიან ცივა. ასე ვერ გაგრძელდებაო, ვერა. დედას ხელები აღარაა ძველებურად ნაზი, უხეშდებიან იმ საქმეებისგან, რასაც მამა უნდა აკეთებდეს. არც დედის ხმაა ძველებურად რბილი. ის ახლა უფრო მკაცრად იშლევინება ეზოში თამაშს, საწოლში ფისოს ჩაწვენას და ხმამაღლა სიცილს. კიდევ ერთი ღამეც და ფანჯრის მინას გამოამტვრევს ყინვა.
დედამ ფერადად ჩაიცვა. ვითომ იმ გაზაფხულის ბრალია, მათი დარაბების მიღმა? არა, რა გაზაფხული, შუა იანვარია.
– ჭკვიანად იყავი. მოასვენე მაგ ფისო, სულ გულზე ახუტებული ნუ დაგყვას.
– მალე მოხალ?
– მალე მოვალ.
– გშია?
– მშია.
– მერე ჭამე.
– უშენოდ არა.
ის ელოდება დედას. ახლა ერთი რამ ენატრება მხოლოდ: ის შეგრძნება მაღლა ძლიერად აქაჩულ თმას რომ უშლის დედა, ანდა ის, ხელის გულში შესობიილ ეკლას რომ ამოაძრობს ფრთხილად. ამ შეგრძნებას შვება ჰქვია. ჰოდა, შვება ენატრება.
ის ეკითხება თავის თავს, რატომ არ დააბარა დედას რამე. ადრე სულ ასე იქცეოდა. აბარებდა და დედასაც მოჰქონდა. დედას ყველაფრის მოტანა შეეძლო, მართლა, მართლა, არ იტყუება. და თუ ასეა, ერთხელ მაინც რატომ არ დააბარა მამა? ერთხელ მაინც რატომ არ სთხოვა, მოეყვანა დედას ის, ვის გამოც კარადიდან სადილისთვის სამ თეფშს გამოიღებდნენ, ვის გამოც ის დედასთან აღარ დაიძინებდა და ვისაც შეეძლო იმ გაბზარული მინის შეცვლა, ყოველ ღამით რომ უტევს იანვრის ყინვა. ეს ჰკითხა მან საკუთარ თავს და მიხვდა, რომ ორი რამის არ რცხვენია მხოლოდ.
სახლში სამნი არიან ახლა. დედას ხელები განაზდა, ხმა დარბილდა. ყინვებმა იკლო. მესამეს მოაქვს შეშა, მესამე ეზიდება მძიმე მორებს, მესამე აკეთებს იმას , რასაც მამა უნდა აკეთებდე, მაგრამ მესამე მამა არ არის. ახლა ის ვეღარ გრძნობს შვებას, როცა დედა მაღლა აქაჩულ თმას გაუშლის, ვერც მაშინ, როცა ეკალს აძრობს. ახლა ეს შეგრძნება დაიკარგა.
ოთახში კაცის სუნია. დედას მუცელი ებერება და კიდევ უფრო ფერადად იცმევს. ის კი უფრო ძლიერად იხუტებს გულში ფისოს. დედის აზრით, ახლა მას აღარც კბილი აკლია და აღარც ჭკუა, მაგრამ მან ხომ იცის, რომ ასეა არაა.
ოთახში ახლა კაცის სუნია. ოთახში ახლა ბევრნი არიან.
გვანცა დევიძე