მსოფლიო ისტორიას ახსოვს რამდენიმე საეკლესიო კრება, რომლებზეც ჩაცმულობის საკითხი წამოიჭრა. კრებებზე მიღებული კანონების თანახმად, მამაკაცს ეკრძალებოდა ქალის შესამოსლის ჩაცმა და პირიქით. ეს აკრძალვა დიდი სჯულის კანონშია შეტანილი და იმდენად ტაბუდადებულიც, რომ მასზე საუბარს და მითუმეტეს მსჯელობას, ხშირად ერიდებიან.
როგორ ჩავიცვათ ეკლესიაში? რა კავშირია ხალხურ ტრადიციებსა და საეკლესიო სამართალს შორის? ამ თემებზე “თბილისი თაიმსს” მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში ალექსი ქშუტაშვილი ესაუბრა.
როგორ გავიგოთ ეს კანონი? რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ამ საკითხების დღის წესრიგში დაყენება? როდის და რომელ კრებებზე, თუ შეიძლება, დეტალურად რომ გვესაუბროთ.
ესტეთიკა
როცა ვსაუბრობთ ჩაცმულობაზე, ეს საკითხი რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ. პირველი არის ესტეთიკის საკითხი ანუ რაღაც ჩაცმულობა არის მოდის შესაბამისი თუ არა? რამდენად უხდება ადამიანს ესა თუ ის ჩაცმულობა? ამ საკითხთან ეკლესიას არანაირი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, რადგან ეკლესია არ არის დიზაინერთა კლუბი, რომ ჩაცმულობის ან მოდის წესებს ადგენდეს.
ფსიქოლოგია
მეორე არის ფსიქოლოგიური საკითხი, ანუ იმის მიხედვით, თუ როგორ აცვია ადამიანს, შეგვიძლია წავიკითხოთ მისი ფსიქოლოგიური სახე, მისი სოციალური სტატუსი, შინაგანი განწყობა და ასე შემდეგ. შეიძლება ეს მიდგომა სასულიერო პირს გამოადგეს, რომ ახალმოსულ ადამიანს უკეთ გაეცნოს.
ეთიკა
მესამე არის ეთიკის საკითხი. ყველა კულტურულმა ადამიანმა იცის სად, რა დროს, რა ჩაცმულობით უნდა მივიდეს. ოფისის თანამშრომლები ვართ, სამხედროები, ექიმები თუ სასულიერო პირები სხვადასხვა სამოსი გვჭირდება. ადამიანი თუ თეატრში მიდის, სხვანაირად იცვამს, თუ პლაჟზე მიდის დასასვენებლად, იქაც – სხვა ჩაცმულობით; თუ მონასტერში მიდის, სადაც ბერები არიან, აუცილებელია მოკრძალება. შესაბამისად, ეკლესიაშიც საჭიროა ეტიკეტის დაცვა, ანუ არ უნდა მივიდეთ ისე როგორც დისკოთეკაზე. ეს ადამიანის შინაგანი კულტურის ნაწილია.
რელიგია
შემდეგი საკითხი არის სუფთა რელიგიური, ანუ კონკრეტული ჩაცმულობა, აქსესუარი, ცოდვაა ადამიანისთვის თუ არა. როგორც ამბობენ, რადგან შარვალი მამაკაცის სამოსლად მიიჩნევა, ქალისთვის მისი ჩაცმა ცოდვაა. დიდი სჯულის კანონში, გვაქვს ორი კანონი: ღანგრის ადგილობრივი მე-13 და ტრულის, იგივე მე-6 მსოფლიო კრების, 62-ე კანონი, სადაც წერია, რომ ქალმა არ უნდა ჩაიცვას მამაკაცის სამოსელი, და თუ ჩაიცვა, შესაბამისი სასჯელი ელის. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა კანონი კონკრეტულ დროში, კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებითაა დაწერილი.
ღანგრის ადგილობრივი კრების დადგენილება
ქრონოლოგიურად რომ ვისაუბროთ, ღანგრის კრების პრეამბულაში განმარტებულია, რომ მე-4 საუკუნის შუა წლებში, ღანგრაში, რომელიც რომის იმპერიის პროვინცია იყო აღმოსავლეთში და სომხეთს ესაზღვრებოდა, ეკლესიაში გაჩნდა ერთგვარი შიდა სექტა, რომელიც ძალიან მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ შაბათ-კვირასაც მარხულობდნენ; აცხადებდნენ, რომ ყველა არასამარხვო საჭმლის მიღება, რძე იქნება თუ ხორცი, ცოდვაა; დაოჯახება და მეუღლესთან სქესობრივი თანაცხოვრება მრუშობა მიაჩნდათ; ასევე ამბობდნენ, რომ უკვე დაოჯახებული სასულიერო პირები არ უნდა იწოდებოდნენ სასულიერო პირებად და მათ მიერ შესრულებულ წირვას არ ესწრებოდნენ. ამ სექტის წევრი მამაკაცები, რომლებიც არ იყვნენ აღკვეცილნი, ბერის სამოსით დადიოდნენ; ხოლო ქალები, მომხიბვლელები რომ არ ყოფილიყვნენ, გარეგნულად ემსგავსებოდნენ მამაკაცებს: მოკლედ იჭრიდნენ თმას და მამაკაცური ტანსაცმლით დადიოდნენ. წაგიკითხავთ ამონარიდს:
კანონი 13
„თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის (ანუ თვალთმაქცური ასკეტიზმის მიზნით) შეცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს.“ კანონში აღნიშნული ქმედება მაშინ ხდება ცოდვა, როცა სულიერი ხიბლიდან გამომდინარეობს. ეს იყო მესალიანთა ერესი, მაგრამ მსგავსი შინაარსის სექტები შემდგომ საუკუნეებშიც ჩნდებოდნენ ხოლმე არამხოლოდ ბიზანტიაში, არამედ რუსეთის იმპერიასა და საქართველოშიც. ამიტომ წმინდა მამებმა გადაწყვიტეს, რომ ღანგრის ადგილობრივი კრების დადგენილება დიდი სჯულის კანონში შეეტანათ. ამრიგად, ყველასთვის სამაგალითო და გასაგები უნდა იყოს, რომ ასეთი გაუმართლებელი ასკეტიზმი ქრისტიანული ცხოვრების საწინააღმდეგოა. აქვე წაგიკითხავთ ღანგრის კრების ეპილოგს:
კანონი 21
„ხოლო ამას რომ ვწერთ, ღმრთის ეკლესიისგან განვკვეთთ არა იმათ, ვისაც ჭეშმარიტად სურთ მოღვაწეობა (ანუ ასკეტური ცხოვრება), არამედ იმათ, ვინც მოღვაწეობას ამპარტავნების საბაბად აქცევს და ქედმაღლურად უყურებს იმათ, ვინც მარტივი ცხოვრებით ცხოვრობს.“ რა თქმა უნდა, ეკლესია მიესალმება ასკეტურ ცხოვრებას ისე, რომ ასეთი ცხოვრება ადამიანისთვის საცხონებელი იყოს და არა დამღუპველი.
ტრულის კრების დადგენილება
მე-6 მსოფლიო კრების 62-ე კანონშიც ნათლად არის განმარტებული, რომ მე-7 საუკუნის ბოლოს ქრისტიანები წარმართულ რიტუალებში მონაწილეობდნენ. მაგალითად, ყურძნის წურვის დროს, დიონისეს ახსენებდნენ, ღვინის ჩამოსხმის დროს კი იცინოდნენ, რაც რიტუალის ნაწილი იყო და წარმართული ღვთაების მიმართ თაყვანისცემას გამოხატავდა. შესაბამისად, ამ კანონში საუბარია წარმართულ ორგიებზე და წარმართული ღმერთების თაყვანისცემის მიზნით შესრულებულ ცეკვებზე, რომლის დროსაც ადამიანები საპირისპირო სქესის სამოსელს იცვამდნენ.
ხომ არ არის ამ კანონებში სიმბოლური მითითება სექსუალურ გადახრასთან დაკავშირებით?
იმ კონკრეტულ კანონებში, რაზეც ვისაუბრეთ, არანაირი პირადპირი და მითუმეტეს ირიბი კონტექსტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. როგორც აღვნიშნეთ, ერთ შემთხვევაში საუბარია კონკრეტულ ერესზე, მეორე შემთხვევაში – წარმართულ რიტუალზე. თუმცა, ეკლესია ყოველთვის თვლიდა, რომ ნებისმიერი სექსუალური უკუღმართობა, ეს იქნება ტრანსექსუალობა თუ ტრანსვესტიზმი (ქროსდრესინგი), ადამიანის ბუნების გამრუდებაა, ცოდვაა და ადამიანი უნდა ეცადოს, რომ დაძლიოს ეს მიდრეკილებები.
მიუხედავად თქვენი არგუმენტირებული მსჯელობისა, ალბათ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მაინც გაუჩნდება კითხვა: კაბა თუ შარვალი?
– საინტერესოა, როცა ვმსჯელობთ, რომ შარვალი მამაკაცის შესამოსელია, უნდა ვიცოდეთ, ვინ დააწესა. კაბა რომ კაბაა, ანუ ქვედაბოლო, ბევრ ერში მამაკაცის ეროვნული სამოსის შემადგენელი ნაწილია, მაგალითად, შოტლანდიაში და საბერძნეთში. ბერძენი მამაკაცის ეროვნულ სამოსელს წარმოადგენს ე.წ „კოლგოტები“, ბაფთებიანი ფეხსაცმელი და ქვედაბოლო. ქალებმა რაღა უნდა ჩაიცვან? გამოდის, რომ ქვედაბოლო მამაკაცის სამოსელია და შარვალი მითუმეტეს.
ერთი ახლობელი თბილისში ირანულ ფირმაში მუშაობდა. ფირმამ თანამშრომლებისთვის სპეციალური ფორმის შემოღება გადაწყვიტა. ქალებს უნდა სცმოდათ პიჯაკი, კოსტუმი და შარვალი. ჩემმა ახლობელმა, ქალებისთვის ორი მოდელი შესთავაზა – ერთი კაბით და მეორე შარვლით. ირანელებმა უარი უთხრეს, „კაბები სახლში ჩაიცვით, სამსახურში იარეთ შარვლით, მოკრძალებულადო.“
როცა ჩვენ, ქართველები, ვამბობთ, რომ ქალისთვის შარვლის ჩაცმა არ არის მიღებული, ეს უფრო ისტორიულ-კულტურული წარსულიდან გამომდინარეობს და არანაირი კავშირი არ აქვს დაცემასთან თუ სულიწმიდის მადლის მოხვეჭასთან; არანაირ კავშირში არ არის არც ერთ კანონთან და არც – მეორესთან; არც იმ სექტასთან და არც წარმართულ რიტუალებთან. ახლა ყველაზე სამაგალითოდ ჩაცმული მამაკაცი ან ქალი რომ წარმოვიდგინოთ, 150-200 წლის წინ შეიძლება ჩაექოლათ. მოდა იცვლება, შეხედულებები შეიცვლება. ამრიგად, როცა ჩაცმულობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ მხოლოდდამხოლოდ ტრადიციის, ეთიკის და მოდის სივრცეში და არა ღვთის წინაშე დანაშაულის კუთხით.
როგორ ვიყოთ ეთიკურნი, როცა ტაძარში მივდივართ?
– ვთქვათ, ადამიანი გამოვიდა ქალაქში საქმეზე და სულაც არ გეგმავდა ეკლესიაში შესვლას, მაგრამ ღმერთი გაახსენდა და ლოცვის სურვილი გაუჩნდა. წარმოიდგინეთ, ამ დროს ადამიანმა თავის ჩაცმულობაზე რომ დაიწყოს ფიქრი, მაგალითად: ქალი ვარ და შარვალი მაცვია, ეკლესიაში ასე ვერ ვილოცებ. ეს მეორე გრძნობა ღმერთისგან ნამდვილად არ არის. რაც შეეხება შენიშნვას, ეკლესია არც მღვდლის სახლია, არც მესანთლის და არც სტიქაროსნის. ეკლესია არის ღმერთის სახლი, და როგორც არ უნდა გვეცვას, ღმერთი ყველას გველოდება.
თქვენი აზრით, რა არის სჯულის კანონის ოქროს წესი?
– საერთოდ, სჯულის კანონის ოქროს წესი არის ის, რომ ქმედების შეფასება ხდება მისი მოტივაციიდან გამომდინარე. მე თვითონ შევესწარი, ერთ-ერთ სუფრაზე იჯდა ოთხი მამაკაცი, ოთხივეს თმა ჰქონდა გრძლად მოშვებული და თმის სამაგრით შეკრული, მაგრამ ყველას სხვადასხვა შინაარსით: ერთი იყო „პანკი“, გარკვეული მუსიკალური მიმდინარეობის მსმენელი, მეორე იყო ჰიპი, მესამეს უბრალოდ მოდის გამო ჰქონდა გრძელი თმა, მეოთხე სასულიერო პირი იყო. ეკლესია ყურადღებას აქცევს იმას, თუ რა მიზეზით დგამს ადამიანი ამა თუ იმ ნაბიჯს. ისტორიიდან ვიცით ქალები, რომლებიც მამაკაცის სამოსელს იცვამდნენ, თავს მამაკაცად ასაღებდნენ, მონასტრებში შედიოდნენ და საკუთარი სქესის გაუმხილებლად მოღვაწეობდნენ. ეკლესიას ისინი არ დაუგმია. ასე რომ, როცა ჩვენთვის ნათელი არ არის ადამიანის მოტივაცია, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ განსჯასა და განკითხვებს.
იმ შემთხვევაში, თუ ტურისტის ან ადგილობრივის ჩაცმულობა არ შეესაბამება ბანერზე დატანილ ნიშნებს, როგორ მოვიქცეთ? ჩაცმულობასთან დაკავშირებით რა მოთხოვნებია უცხო ქვეყნების ტაძრებში?
– მე ვყოფილვარ სტამბულში, სადაც რამდენიმე ისტორიული, მსოფლიო მნიშვნელობის მეჩეთი არსებობს და საკმაოდ მკაცრი წესებია. ტურისტებს არ შეუძლიათ ყველა ადგილზე მისვლა. ზოგან სპეციალური ბარიერებია დადგმული, ასევე ნაჩვენებია, რომ ტურისტი ვალდებულია, გარკვეულ წესებს დაემორჩილოს: ფეხზე გაიხადოს, შორტი, მოკლე კაბა და დეკოლტე არ ეცვას. ქალისთვის შარვლით შესვლა აკრძალული არ არის. თუ ვინმეს შეუსაბამოდ აცვია, სპეციალურ მოსასხამებს აძლევენ შემოსასვლელში, რომ სიშიშვლე დაიფარონ. მთავარი რაც არის, მეჩეთის კარს არავის უკეტავენ და ჩვენთვის ეს უნდა იყოს მაგალითი. ვერ მოვთხოვთ ყველა ტურისტს, ქუჩიდან მოსულ ყველა ადამიანს, თუნდაც ჩვენი მრევლის წევრი იყოს, წესების მკაცრად დაცვას. თუმცა უნდა შევთავაზოთ ისეთი საშუალებები, ტაძარში რომ შევიდეს, არავინ უსაყვედუროს.
რას წარმოადგენს ეკლესიის მიზანი და სულისკვეთება?
ეკლესიის სულისკვეთება ის კი არ არის, რომ ვინმე გავაქციოთ, არამედ ის, რომ ეს ადამიანი დავიტოვოთ ეკლესიაში. შეიძლება ვინმეს მართლაც შეუფერებლად ეცვას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანი, ჩემთან როგორც მღვდელთან, სტიქაროსანთან, ან მესანთლესთან კი არ მოვიდა, არამედ – ღმერთთან. ეს ეკლესია ჩემი სახლი და საკუთრება კი არ არის, არამედ ღმერთის სახლია. მღვდლიდან დაწყებული მესანთლით და დამლაგებლით დამთავრებული, ჩვენი მიზანია, სურვილი გავუჩინოთ ადამიანს, რომ კიდევ მოვიდეს ეკლესიაში. ჩვენი დამოკიდებულება თუ აგრესიულია და იმას გამოვეკიდებით, თუ როგორ აცვია, რა სარწმუნოებისაა და რა ეროვნებას ეკუთვნის, ადამიანს მეორედ მოსვლის სურვილი საერთოდ გაუქრება. გარკვეულ სიტუაციაში საყვედურის თქმა საჭიროა, მაგრამ იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეურაცხყოფილად კი არ იგრძნოს თავი, კი არ იფიქროს, რომ ტაძრიდან აგდებენ, არამედ მიხვდეს, რომ ეს ის კერაა, სადაც სიყვარულით ელოდებიან მეორედაც, მესამედაც და მეათასჯერაც; სიყვარულით ჩაეხუტებიან და გაუგებენ; ეს ის ადგილია, სადაც შეუძლია ილაპარაკოს ყველაზე მძიმე ცოდვებზე, და აღარ არის საუბარი ჩაცმულობაზე, რაც დიდი ბანალობაა. უნდა იგრძნოს, რომ აქ მას მოუსმენენ და შენდობას მისცემენ. ჩვენი სიყვარული ყველას უნდა გავუზიაროთ ერთნაირად ქრისტიანია, მუსლიმია თუ სხვა რელიგიის მიმდევარია.
თუ ტაძარში ლოცვისას სასულიერო პირი წარმოთქვამს ამ სიტყვებს “კათაკმეველნო განვედით“, უნდა დატოვოს თუ არა ეკლესია არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა ან სხვა რელიგიის მიმდევარმა?
– ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიის მთავარი დანიშნულება არის მისიონერიზმი. ხალხს ტაძრის კარი კი არ უნდა დავუკეტოთ, არამედ გავუღოთ. კათაკმეველთა ეკლესიიდან გასვლა ეკლესიაში მაშინ დაწესდა, როცა კათაკმეველთა ინსტიტუტი არსებობდა. ეს იყო მოწმუნე ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჯერ მონათლულები არ იყვნენ. შესაბამისად, შემთხვევით რომელიმე მათგანი რიგში რომ არ დამდგარიყო და მონათლულებთან ერთად ზიარება არ მიეღო, ამიტომ იჩენდნენ სიფრთხილეს და ამბობდნენ „კათაკმეველნო განვედით“.
მე-20 საუკუნის განმავლობაში ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი და წერილობითი წყაროებიც არსებობს, რომ ადამიანები, რომლებიც კათოლიკურ და პროტესტანტულ ოჯახებში იყვნენ დაბადებულები, ახალგაზრდობის პერიოდში (სერაფიმ როუზის არ იყოს) შემთხვევით შესულან მართლმადიდებლურ ტაძარში იმ დროს, როდესაც მსახურება მიმდინარეობდა. ამ ატმოსფერომ, სიწმინდემ თუ განწყობამ იმხელა ზეგავლენა მოახდინა მათზე, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლნენ, გახდნენ სასულიერო პირები და ეპისკოპოსებიც კი. ეკლესიას რომ დაეხშო კარები, იუჯინ როუზი სერაფიმ როუზი არ გახდებოდა, ტიმოთი უეარი კალისტე უეარი არ გახდებოდა და ბევრი სამაგალითო ქრისტიანი, რომლებიც არიან დასავლეთ ევროპიდან თუ ამერიკიდან, მართლმადიდებლობას საერთოდ ვერ გაიცნობდნენ. ქართველებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ იმ ხალხს, რომლებიც შორი ქვეყნებიდან ჩამოდიან, ჩვენი ეკლესიები ვაჩვენოთ, საგალობლები მოვასმენინოთ, გავაცნოთ ჩვენი კულტურა, სიწმინდეები, ხატწერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ღმერთმა ეს ხალხი თავის სახლში მოიყვანა და ჩვენ რა უფლება გვაქვს, ღვთის სტუმარი გავაგდოთ?
ქრისტეს არაერთი ქადაგება თუ აღსრულებული სასწაული თითქოს ერთგვარი მოწოდებაა, რომ შევწყვიტოთ ცარიელი რიტუალებით სინდისის ჩახშობა და ვიყოთ ცოტა მეტად ჰუმანურები, როგორც მოწყალე სამარიტელი. რას ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ზოგიერთი საეკლესიო ჩვეულების გადახედვა თანამედროვე საჭიროებებთან თანხმობაში მოსაყვანად?
– ბევრი ისეთი ჩვეულება არსებობს, რომლებსაც ვასაღებთ, როგორც საეკლესიო წესს, მაგრამ ხშირად სუფთა ხალხური ტრადიციებიდან მომდინარეა და ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად, საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს ბევრ კუთხეში ქალებს ბოსელში ამშობიარებდნენ და ორმოცი დღის განმავლობაში იქ აჩერებდნენ. ამას აღიქვამდნენ როგორც აუცილებელ რელიგიურ წესს. მადლობა ღმერთს, დღესდღეობით მსგავსი რამ აღარ ხდება და არც ქრისტანობასთან აქვს კავშირი.
ხალხური წეს-ჩვეულებები, რომლებსაც ხალხი აღიქვამს როგორც რელიგიურ კანონებს, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. შეიძლება ბევრისთვის უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ქართული ხალხური წესი გულისხმობს იმას, რომ ერთმანეთის მოგვარეებისთვის, რომლებიც ნათესავები არ არიან, ქორწინება აკრძალულია. სჯულის კანონი მსგავს აკრძალვას არ იცნობს და ამგვარ ქორწინებას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა რადგან ჩვენთან ხალხური წესი კრძალავს, ბევრი ადამიანი მას რელიგიურ წესად მიიჩნევს. მეორე უკიდურესობას რომ შევხედოთ, სჯულის კანონით აკრძალულია, რომ ორი ძმა ორ დაზე დაქორწინდეს, მაგრამ ხალხურ წესში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და მიიჩნევენ, რომ ამით რელიგიურ დანაშაულს არ სჩადიან. ამიტომ, ჯობია, ჩავიხედოთ სჯულის კანონში და მეზღაპრეობას არ მივყვებოდეთ.
მარიამ ქალებაშვილი