სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ მიერ 15.08.2016 წელს გაცემული ბრძანების საფუძველზე ავლაბარში, ისნის N18-ში შამქორეცის, სომხური ეკლესიის გვერდით სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც მკაცრად ეწინააღმეგება საქართველოს სომეხთა ეპარქია. ეპარქიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა რიგი კანონდარღვევებით მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ისედაც ავარიულ სიტუაციაში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო ქალაქის მერიისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.
„მშენებლობა ეკლესიიდან 5-6 მეტრში მიმდინარეობს და მთლიანად დაფარავს ტაძრის აღმოსავლეთ კედელს. საპროექტო ჯგუფს (“დემარკი”-ს არქიტექტორი ვლ. აბრამიშვილია პროექტის ავტორი) რენდერებზე არც შამქორეცის ეკლესია აქვთ ნაჩვენები და არც რეალური საპროექტო უბანი. არსებული ტერიტორიის ფოტოზე არ არის ნაჩვენები, რომ სახლი ეკლესიის სიახლოვეს შენდება! ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იტყუებიან ინვესტორ/არქიტექტორები და როგორ “ტყუვდებიან” არქიტექტურის სამსახურის საბჭოს წევრები! ამ სიცრუეში კი გაუცხოებულ ქალაქს ვიღებთ!“– წერია „ტფილისის ჰამქრის“ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულ ბრალდებებს თბილისის არქიტექტურის სამსახური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ „საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გაუგზავნეს განსახილველად, საიდანაც დადებითი დასკვნა გაიცა. ამასთან, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ ფოტომონტაჟში ჩანს ეკლესიის ფრაგმენტი,“-წერს „ლიბერალი“.
„თბილისი თაიმსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის სამსახურის უფროსს მიხეილ ავაქიანს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:
ეკლესია, რომელზედაც ვსაუბრობთ ძველ თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა იყო, რომელიც დღეს ნანგრევების სახით შემორჩა ქალაქს. რა ისტორია აქვს შამქორეცის ეკლესიას და თუ გქონიათ მცდელობა მისთვის პირვანდელი სახე დაგებრუნებინათ?
-შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინის სომხური ეკლესია (იგივე შამქორეცის ეკლესია) ასევე ცნობილია „კარმირ ავეტარანი“ (წითელი სახარება) დაარსდა 1775 წელს. ამას მოწმობს მთელი რიგი საარქივო დოკუმენტაციები და ეკლესიის მშენებლობის თანადროული ჩანაწერები. თუნდაც ავიღოთ ეგნატე იოსელიანის 1837 წლის ჩანაწერი, სადაც წერს რომ ეკლესია ააშენეს შამქორიდნა ჩამოსულმა სომხებმა. იგი აიგო ხალხის ხარჯით.
მეტეხის პლატოზე მდებარე ეს სომხური ეკლესია იმდროინდელ თბილისში ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო, რომლის გუმბათი, მთლიანად იერსახე კარგად ჩანს დღემდე შემორჩენილ ძველ ფილმებში, კადრებში, ფოტო სურათებზეც.
დაარსების დღიდან მოქმედებდა როგორც სომხური სამოციქულო ეკლესია. მცდარია გარკვეულ წრეებში გავრცელებული მოსაზრება ამ ძეგლის სადავოობასთან დაკავშირებით. ვერცერთი სერიოზული და კომპეტენტური მეცნიერიდან ვერ გაიგებთ მოსაზრებას, თითქოს ეს არ იყოს სომხური ეკლესია. ამაზე მოწმობს ასევე, წარწერები, რომელიც გვხვდება თავად ეკლესიის სარკმელებსა და შესასვლელზე.
1989 წელს, მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა მისი გუმბათი და მას შემდეგ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. ტაძრის ერთი ფასადი მთლიანად ჩამოშლილია. დღეს მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლის სტატუსი.
90-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთხელ მიგვიმართავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, (შევარდნაძიდან დაწყებული დღევანდელი ხელისუფებით დამთავრებული) რომ ჩატარებულიყო აღდგენითი, ან დასუფთავების სამუშაოები. გვეუბნებოდნენ, რომ ძეგლი საშიშროებას წარმოადგენს, რადგან ავარიულ სიტუაციაშია და ნანგრევებმა შეიძლება გამოიწვიოს ესა თუ ის სავალალო შედეგი.
სამწუხაროა, თუმცა ფაქტია ერთ-ერთ უძველეს უბანში, სადაც ტურისტების უდიდესი ნაკადია, დგას ისტორიული ძეგლი, რომელიც თავის დროზე ამშვენებდა ქალაქს, ხოლო ამჟამად ანტისანიტარია სუფევს. შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინის სომხური ეკლესია არც მის კანონიერ მემკვიდრეს უბრუნდება და არც სათანადო ყურადღება ექცევა.
რამდენი ხანია რაც ეკლესიის მახლობლად მშენებლობა მიმდინარეობს და იყავით თუ არა ინფორმირებულნი წინასწარ ამის შესახებ? თუ შეგხვდნენ უშუალოდ მშენებლობის ორგანიზატორები?
-გასული წლის ნოემბერში უკვე მიმდინარეობდა აქტიური ფაზა მშნებლობისა. იყო გარშემორტყმული ხის გალავნით. ამ ეტაპზე საძირკვეული გაჭრილია, ბეტონის გარკვეული ნაწილი ჩასხმულია და ინტენსიური ტემპით მიდინარეობს სამუშაოები.
მათთან, ვინც შენობას აშენებს არავითარი შეხვედრა არ გვქონია და არც გვისაუბრია.
წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან, ვიცით მხოლოდ რომ რაღაც კერძო კომპანიაა. ჩვენთვის უცნობია საცხოვრებელი იქნება ის თუ სხვა დანიშნულების ობიექტი.
რა საფრთხეს უქმნის აღნიშნული მშენებლობა ტაძარს? მიმართეთ თუ არა შესაბამის ორგანოებს დაეცვათ ძეგლი?
– მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა შამქორეცის ეკლესიასთან მშენებლობის დაწყების შესახებ საქართველოში სომეხთა ეპარქიამ 2016 წლის დეკემბრის თვეში მიმართა როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ასევე ქ. თბილისის მერიას არსებული მდგომარეობის და მოსალოდნელი სავალალო შედეგების თაობაზე, რომ აქ მშენებლობის დროს მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ტაძართან ძალიან ახლოს მომიჯნავე რამოდენიმე მეტრში ქვაბულის ამოთხრით, შეიძლებოდა ისედაც ავარიულ და ნახევრად დანგრეულ სიტუაციაში მყოფი ძეგლისთვის ძალინ მძიმე, სავალალო შედეგები მოეტანა, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოჰყვა არცერთი ინსტანციისგან ჩვენს თხოვნას. სრული იგნორია მათგან, ყველა დუმს, ბურუსითაა მოცული ამ მშენებლობის საქმე.
აშკარად იკვეთება კანონდარღვევა, თან არაერთი. არ ვიცით ხელოვნურად არიან შეცდომაში შეყვანილნი არქიტექტორები, თუ შეგნებულად აკეთებენ, თუმცა ფაქტია რადარებზე, პროექტის ამსახველ ფოტომასალაში ეკლესიის არსებობა არ არის დაფიქსირებული, გარდა ამისა არის ბევრი კაზუსი, რომელიც მიუღებელი და დაუშვებელია.
თუ მიმართეთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგნეტოს, რელიგიათა საბჭოს, რა პასუხი მიიღეთ მათაგან?
– ვფიქრობდით, ის სტრუქტურები მოაგვარებდნენ პრობლემას, ვისაც ეხება მსგავსი საკითხების გადაჭრა, თუმცა როცა დავინახეთ, რომ არავითარი შედეგი არ გამოიღო ჩვენმა მცდელობამ, რამდენიმე დღის წინ შევატყობინეთ რელიგიის საგაგენტოს, სატელეფონო საუბარი გვქონდა სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ველოდებით მათი მხრიდან შესაბამის რეაგირებას.
რა არის თქვენი მოთხოვნა? რა განმუხტავს სიტუაციას?
– მიღებული უნდა იქნეს სათნადო ზომები: შეჩერდეს მშენებლობა ან შეიქმნას ისეთი პირობები, რომლითაც იქნება დაზღვეული ტაძარი ნგრევისაგან და გამაგრდეს ეს ისედაც ავარიული კედელები. ყველა რესურსი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ შამქორეცის ეკლესია დაიცვან, რადგან ის არა მხოლოდ სომხური ეკლესიის საკუთრებაა, არამედ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის კლტურული მემკვიდრეობის ნაწილია.
სიფიკო ნინიკაშვილი