ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის გაძლიერება, მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა და კორუფციული გარიგებების პრევენცია საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში – ამ საკითხებზე გამართა სპეციალური შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელები და საბაჟო დეპარტამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
ფინანსთა მინისტრმა თითოეულ თანამშრომელს მოუწოდა გაძლიერდეს მუშაობა იმისთვის, რათა საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და გეზებ-ში მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი დონის მომსახურება, არ ჰქონდეთ შეფერხებები როგორც ქვეყანაში შემოსვლის, ისე ტრანზიტის შემთხვევაში. ამავე დროს, მინისტრმა მათ მკაცრი გაფრთხილება მისცა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ანტიკორუფციულ ღონისძიებებსა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას.
ნოდარ ხადურმა ასევე თხოვნით მიმართა მოქალაქეებს საბაჟო და საგადასახადო სფეროში ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში ინფორმაცია დროულად მოაწოდონ ფინანსთა სამინისტროს.
„საბაჟო სამსახურის თითოეულმა თანამშრომელმა მიიღო გაფრთხილება, რომ ნებისმიერი გადაცდომა, მცდელობა იმისა, რომ კანონის გვერდის ავლით მოხდეს პროცედურების გავლა, იქნება აღკვეთილი. ამასთან, მინდა ვთხოვო მოსახლეობას, გამოიჩინონ პატრიოტიზმი, მოქალაქეობრივი ვალდებულება და ჩვენთან ერთად ებრძოლონ სამართალდარღვევებს საბაჟო და საგადასახადო სფეროში და მე როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირობას ვიძლევი, რომ პირადად ჩავერთვები აღნიშნული საკითხების მოკვლევაში და ყველა დამნაშავე პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებს ამ კუთხით მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
05.09.13