არასამთავრობოთა კოალიცია „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ საზოგადოებას ახალი ინიციატივით მიმართავს და საქართველოში იწყებს კამპანიას „ერთი პროცენტის კანონი – საქართველოს დროა!“.
ერთი პროცენტის კანონის იდეა გულისხმობს საშემოსავლო და მოგების გადასახადების გადამხდელებისათვის შესაძლებლობის მიცემას, რომ გადახდილი გადასახადიდან 1%-ი მიმართონ მათთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. მაგალითისათვის, როდესაც 20%-ს იხდით საშემოსავლო გადასახადის სახით, საშუალება გექნებათ, რომ გადახდილი 20%-დან ერთი პროცენტი მიმართოთ თქვენთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. კამპანიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რაც გულისხმობს კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში, 15000-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახდება 27 260 000 ლარი.
კამპანიის „ერთი პროცენტის კანონი -საქართველოს დროა“ მიზანია ფინანსურად და პოლიტიკურად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. პირდაპირი დემოკრატიის განვითარება და საზოგადოებაში არსებული მწვავე სოციალური პრობლემების დროულად გადაწყვეტა.
ერთი პროცენტის კანონის უპირატესობა მდგომარეობს მის სამართლიანობასა და წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკაში. 1996 წლიდან დღემდე 1 პროცენტის კანონი წარმატებით განხორციელდა უნგრეთში, სლოვაკეთში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში. 1 პროცენტის კანონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავებაში.
“დღეს დავიწყეთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანია სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. ერთი პროცენტის კანონის მოდელი ეფუძნება წამრატებულ ევროპულ გამოცდილებას და უზრუნველყოფს საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადამხდელებისათვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მათ გადახდილი გადასახადიდან 1% მიმართონ საკუთარი შეხედულებისამებრ სასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად.” აცხადებს კამპანიის მენეჯერი გივი კუპატაძე აცხადებს.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საინიციატივო ჯგუფი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გეგმავს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის მრგვალი მაგიდა და ფართო დისკუსია გამართოს. კამპანიის მხარდამჭერები არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივად აქტიური წევრებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ პროექტით და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ინიციატივის ქართულ სინამდვილეში რეალიზებისთვის. დეტალურ ინფორმაციას და შემდგომ ნაბიჯებს აღნიშნული ინიციატივის წევრები დამატებით მიაწვდიან საზოგადოებას.
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ საინიციატივო გუნდი:
1.საქათველოს გადასახადების გადამხდელთა ალიანსი
2. Speak Up Georgia
3. ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი
4. საქართველოს თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირი
5.ერასმუსის სტუდენტთა კავშირი
6. 4მოტივი
7. სასკოლო კვლევების ცენტრი
8. ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი დოქტრინა
9. პროფესიული ჟურნალისტიკის განვითარების ცენტრი
10. საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია
გივი კუპატაძე – 557 402055 კამპანიის მენეჯერი