საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დღეს, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰანს ჰორბახს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ელჩს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გააცნო, ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში საქართველოს (როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში ნიდერლანდების სამეფო წლების განმავლობაში წარმოადგენს საქართველოს) უწევს.
შეხვედრაზე ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროებს შორის. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. ასევე აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფო კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში.
20.09.13