ვაშინგტონი – ამერიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ვაშინგტონი „არ უნდა ეგუებოდეს“ რუსეთის მხრიდან აშკარად მზარდ ზეწოლას მის მეზობლებზე, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებისკენ მიისწრაფვიან.
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, ნიუ-იორკის კონგრესმენმა და საგარეო საქმეთა კომიტეტში დემოკრატების წამყვანმა წარმომადგენელმა ელიოტ ენგელმა განაცხადა, რომ „რუსეთი ცდილობს საკუთარი აზრი ძალით მოახვიოს თავს მეზობლებს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგებინოთ რუსებს, რომ ვიცით ამის შესახებ, არ მოგვწონს ეს, და ვაპირებთ ამ ქვეყნების მხარდაჭერას, რათა მათ გააკეთონ მხოლოდ ის, რისი გაკეთების სურვილიც აქვთ, და არ იმოქმედონ შიშის გამო, რომ ნავთობს ან გაზს გადაუკეტავენ ან მათ პროდუქციას აკრძალავენ“. „ეს დაშინება დაუშვებელია“, თქვა მან.
რუსეთი ზრდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე, როგორც ჩანს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელიც ნოემბერში ვილნიუსში გაიმართება. რუსეთის აშკარა მიზანია, ამ ქვეყნებს ბრიუსელთან დაახლოების საპირისპიროდ, მისი ხელმძღვანელობით შექმნილ კავშირში გაწევრიანება აიძულოს, რომლის წევრები უკვე არიან ბელარუსი და ყაზახეთი.
25 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები მოსკოვის მხრიდან „მუდმივი ზეწოლის და მუქარის“ პირობებში ცხოვრობენ.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა სერგეი გლაზევმა 21 სექტემბერს უკრაინა გააფრთხილა, რომ ბრიუსელთან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, მოსკოვი მიიღებს საპასუხო ზომებს სავაჭრო შეზღუდვების სახით, რამაც ქვეყანა შეიძლება დეფოლტამდე მიიყვანოს. ზაფხულის განმავლობაში, მოსკოვმა საკუთარ ტერიტორიაზე წამყვანი უკრაინული კომპანიის შოკოლადის შეტანა აკრძალა.
ამ თვის დასაწყისში, რუსეთმა აკრძალა ასევე პატარა რესპუბლიკის მოლდოვის მთავარი პროდუქტის, ღვინის ექსპორტი და კიშინიოვს დაემუქრა, რომ ამ ზამთარში გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
ვილნიუსში, საქართველომ და მოლდოვამ, როგორც ასოცირების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებების პარაფირება უნდა მოახდინონ ევროკავშირთან. უკრაინამ ეს ეტაპი უკვე გაიარა და ლიტვის სამიტზე ამ შეთანხმებებს, სავარაუდოდ, ხელი უნდა მოაწეროს.
ევროკავშირის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ DFCTA ხელშეკრულებები შეუთავსებელია რუსეთის საბაჟო კავშირის წესებთან.
18 სექტემბერს, ენგელმა წერილი გაუგზავნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერის, რომელშიც მოუწოდებს მას, ამ საკითხზე თავისი „პოზიცია მკაცრად დააფიქსიროს“. მისი თქმით, პასუხი ჯერ არ მიუღია, მაგრამ ელოდება.
„შეერთებული შტატების მორალური ძალა ძალიან დიდია მთელ მსოფლიოში და ეს ქვეყნები თავს მიტოვებულად გრძნობენ. ყოველ შემთხვევაში, სიტუაცია მე ასე აღმიწერეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ [რუსეთის პრეზიდენტმა] პუტინმა და რუსეთმა ისინი დააშინოს“, განაცხადა მან.
„ეს მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, და სწორედ ამიტომ მივწერე წერილი მდივან კერის, რომ ჩვენ ამ ტიპის ქცევას არ მოვიწონებთ“. „მე რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა ვიყო, მეც ვინერვიულებდი“, დასძინა მან.
გასულ კვირაში, კონგრესმენი შეხვდა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნატალია გერმანს, რომელმაც „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ ის, რუსეთის ზეწოლის პირობებში, როგორც ევროკავშირისგან, ასევე შეერთებული შტატებისგან, მოელის არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ უფრო მეტ ეკონომიკურ დახმარებას.
ენგელის თქმით, მან კერის მისწერა, რომ წუხს, მოსკოვის ზეწოლა მეზობლებზე უყურადღებოდ არ დარჩეს უფრო დიდი მიზნების ფონზე. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპების დაცვა. არ შეიძლება მათზე უარის თქმა იმიტომ, რომ რუსეთთან, მაგალითად, სირიის საკითხზე ვთანამშრომლობთ, ან მოსკოვის დახმარება გვჭირდება ირანის მოთოკვაში“, თქვა მან.
ენგელმა წუხილი გამოთქვა იმის გამოც, რომ გადაუდებელი პრობლემების ფონზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის თემა, ვაშინგტონში აქტუალური აღარ არის. „ეს ჩვენი სირცხვილია. ვფიქრობ, სხვა მხარეს ვიყურებით და ასე არ უნდა იყოს“, თქვა მან.
რუსეთმა და სულ რამდენიმე ქვეყანამ ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.
30.09.13