შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. კანონპროექტი კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს ეხება და მას მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით განიხილავს. პარალელურად, მკაცრდება კანაფის მოხმარების შესახებ კანონმდებლობა.
11 სექტემბერს, შსს-ში განაცხადეს, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
კანაფის კონტროლის სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება. სააგენტო კანაფის ლეგალურ ბრუნვას, ლიცენზირებას, სამართალდარღვევების პრევენციას დაარეგულირებს და პასუხისმგებელი იქნება ასევე კანაფის შესახებ საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიაზე.
ცნობილია, რომ კანაფის კონტროლის სააგენტოს ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სიმბოლოები.
კანაფის მოყვანა-წარმოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სამედიცინო დანიშნულებისათვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. კანონპროექტი 10 ტიპის სალიცენზიო საქმიანობას გამოყოფს. ლიცენზიები გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე 5 წლამდე ვადით. სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოყვანა, მისი გადაზიდვა და გადამუშავება ერთმანეთისგან გაიმიჯნება.
კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივაცია დასაშვები იქნება მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობაში. ამასთან, შენობა აღჭურვილი უნდა იყოს შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვითა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე.
პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის და დაუშვებელია სალიცენზიო საქმიანობით მიღებული პროდუქტის საქართველოში რეალიზაცია, გარდა ექსპორტის მიზნით, შესაბამისი ლიცენზიის მფლობელის მიერ მოყვანილი/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან მისი შემცველი პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის შემთხვევებისა.
დაუშვებელია საგანმანათლებლო და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია, გადამუშავება, შენახვა, წარმოება.
მცენარე კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის დროს კანაფის სურნელი ჰაერში არ უნდა გავრცელდეს.
მარიხუანის მოხმარების შეზღუდვები
კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის ფლობისა და გასაღების მიმართ რეგულაცია არ იცვლება და აღნიშნული ქმედებები კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
- ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ადმინისტრაციული წესით დასჯადი აღარ იქნება და სისხლის სამართლის წესით, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.
- კანაფისა და მარიხუანის მოხმარება იკრძალება ნებისმიერ შენობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებლისა და ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით.
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.
- მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებს აეკრძალებათ და გამოიწვევს 500 ლარიდან 1000 ლარამდე დაჯარიმებას. კანაფის მოხმარებაში 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა კი სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.
- არასრულწლოვნის თანდასწრებით კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრისა და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, დაისჯება 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმით.
- სამხედრო ნაწილში მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.
ნინი მაზიაშვილი