საქართვლოში პურის ფასის კლება ან მომატება უშუალო კავშირშია ხორბლის ღირებულებასთან. საზოგადოებაში პურ-პროდუქტების ფასის დარეგულირების საკითხი ერთ-ერთი პრომლმატური და აქტუალურია. როგორც ცნობილია, წინა წელთან შედარებით პურის ფქვილის ფასმა დაიწია, თუმცა პურის ფასი იგივე დარჩა, რაც გაუგებრობას იწვევს მოსახლეობაში.
თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში აღნიშნულ პროდუქციასთან მიმართებაში, რა ფაქტორები ახდენს პურის ფასზე და ხარისხზე ზეგავლენას, მოსალოდნელია თუ არა სამომავლოდ პურზე ფასის კლება, ამ საკითხებზე „თბილისის თაიმსი“ ესაუბრა პურ-პროდუქტების მწარმოებელ კომპანია ,,იფქლის’’ დირექტორის მოადგილეს ბაქარ ბაკურაძეს.
ბატონო ბაქარ, იმის გათვალისწინებით, რომ ფქვილზე ფასმა დაიკლო, დაიწია თუ არა „იფქლში“ პურის ფასმა, უნდა ველოდოთ თუ არა მომავალში პურ-პროდუქტების გაიაფებას?
დაგეთანხებით, რომ ეს თემა მართლაც მნიშვნელოვანია დღეს-დღეობით ჩვენს საზოგადოებაში. იმის შემდეგ, რაც მოხდა ფქვილის გაიაფება, ჩვენმა კომპანიამ პურის ფასი 10 თეთრით დასწია. იმ შემთხვევაში, თუ ფქვილის ფასი კვლავ საგრძნობლად დაიკლებს, ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით. რაც შეეხება სხვა ფქვილის კომპანიებს, მათ გეგმებთან დაკავშირებით არ ვფლობ ინფორაციას.
ხორბლის ერთ-ერთი ექსპორტიორი ქვეყანა არის რუსეთი. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების მოგვარებამ შეიძლება თუ არა გავლენა მოახდინოს ხორბლის მოწოდების ფასზე?
რასაკვირველია, საგარეო სავაჭრო ურთიერთობები დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა მდგომარეობაზეც. ამიტომ შემიძლია ვივარაუდო, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მოგვარება მცირე ზეგავლენას მოახდენს ხორბლის მოწოდების ფასზე.
პურზე ფასების შემცირების შემთხვევაში, ფასთან ერთად ხომ არ დაიკლებს პურის ხარისხიც?
უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი კომპანია მუდამ ცდილობს ხარისხის გაუმჯობესებას და ბაზარზე არსებობის პერიოდში ყოველთვის მაღალი ხარისხი გვიკავია. სხვა საწარმოებებზე ვერაფერს მოგახსენებთ. უმრავლესობას ფასი სწორედ ხარისხის გაფუჭებით აქვთ შენარჩუნებული.
ხორბალზე ფასის გარდა კიდევ რა კომპონენტები ახდენს გავლენას პურის ღირებულებაზე?
რა თქმა უნდა, ხორბალზე ფასის კლება ან მომატება გავლენას ახდენს პურის ღირებულებაზეც, თუმცა ეს არ არის ერთადერთო კომპონენტი. უნდა იყოს გათვალისწინებული კომპანიის ხარჯი, გადასახადები: გაზი, ელექტრო ენერგია, წყალი, ხელფასები, საწარმოს ამორტიზაცია. ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით შეგვიძლია ვისაუბროთ პურის ღირებულებაზე.
საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ რუხი პური მზადდება საღებავების დანამატებით. რამდენად გამართლებულია ეს შეხედულება? რამდენად ნატურალური ფქვილით მზადდება რუხი და შავი პური?
როგორც ცნობილია, რუხი პური თავისთავად სასარგებლოა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კომპანიის მიერ გამოშვებული პური არის ნატურალური პროდუქტებით დამზადებული. დანამატებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ დანამატებითაა გაშავებული, მაშინ კონკრეტული დანამატების შემოწმებაა საჭირო და იმის გამოკვლევა, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ვინ როგორ დანამატს იყენებს – ჩემთვის უცნობია. რაც შეგვეხება ჩვენ, არანაირ საღებავებს არ ვიყენებთ.
თქვენი აზრით, ხორბლის გაიაფება რამდენად გაზრდის ბაზარზე კონკურენციას?
მიმაჩნია, რომ ხორბლის გაიაფება კონკურენციაზე რაღაც დონით გავლენას მოახდენს, მაგრამ არ მგონია ეს მაჩვენებელი შესამჩნევლად გაიზაროდოს, ვინაიდან ფქვილის გაიაფების შემთხვევაში შესაბამისად პურიც გაიაფდება და ყველა ისევ თანაბარ პოზიციაზე აღმოჩნდება.
10.10.13
მარინა ფიდუაშვილი