მარნეულის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოების ჩასატარებლად შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ მარნეულის სერვისცენტრში 30 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში.
მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“ უკვე დაამუშავა 200 ჰექტრადმდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სამუშაოები გრძელდება სოფელ კირიხლოში, სადაც კომპანიის 3 ერთეული ტრაქტორით მოხდა 100 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება.
აღსანიშნავია, რომ სახნავ-სათესი მიწის ხარისხიანი დამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.
გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.