ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავა.
“რასაკვირველია, ქრისტიანული სარწმუნოება გეუბნება, ვინმემ რომ რამე დაგიშავოს, თუნდაც ბოროტად მოგექცეს, იმაზეც უნდა იზრუნო. მით უმეტეს, სასულიერო პირის მდგომარეობა, რასაკვირველია, აწუხებს ეკლესიას. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს თანაშემწე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პირადად იყო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, მოინახულა, ესაუბრა.
რასაკვირველია, ჩვენ მისი ჯანმრთელობისთვის, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ვლოცულობთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ თვითონ დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრულნი არიან. შეიძლება, ეს ყოველთვის მისი სურვილი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც მისი გარემოცვისგან ხდება, რადგან ციხეშია. მგონი, ამ ადამიანების მოქმედებაში ხშირად არის ელემენტარული შეცდომები. მაგალითად, ასეთი სახით ზიარების მოთხოვნა – ეს არ ხდება. ზიარება არის დიდი საიდუმლოება, ამას მოძღვრის კურთხევა სჭირდება… არის რაღაც საზღვრები იმასთან დაკავშირებით, მას რისი გაკეთება შეუძლია და რა არ შეუძლია. ხშირად, ეკლესიას იმას სთხოვენ, რაც მის ძალებსა და უფლებებს აღემატება”, – განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა.
“მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის”, – თქვა მიტროპოლიტმა და დასძინა, რომ ეკლესია დეკანოზის შეწყალებას ახლაც მიესალმება.