სოციალურ მუშაკებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოლაპარაკების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა. ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა და იურისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მედიატორი დამოუკიდებელი იურისტია, რომელსაც აქამდე სამინისტროსთან შეხება არ ჰქონია. როგორც ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, მედიატორსა და სოციალურ მუშაკებს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს შეასრულებს თუ არა.
„ჯერ მხოლოდ და მხოლოდ პირველი შეხვედრა შედგა. მედიატორი დამსაქმებელთან ჩვენს მოთხოვნებს უფრო კონკრეტულად მიიტანს, ასევე, დამსაქმებლისგან ინფორმაციას ჩვენამდე მოიტანს, ასე რომ ჯერ წინასწარ რაიმეს თქმა მიჭირს. სავარაუდოდ, ამ კვირაშივე შედგება მეორე შეხვედრა.
რა მოთხოვნებიც გვაქვს წერილში გაწერილი, ამის განხილვა დაიწყო. ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი არის თამაზ მოდებაძე და შესაბამისად, ჩვენსა და მას შორის მედიატორის მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჯერჯერობით, წინასწარ რამის თქმა ძალიან გაგვიჭირდება“,- აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ქეთი ხუციშვილმა.
სოციალურმა მუშაკებმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 8 თებერვალს შეიტანეს წერილი, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი.
მოთხოვნები სააგენტოში ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება. სოციალური მუშაკების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას გეგმავენ.