საზოგადოების პროტესტისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო მოსამართლეთა სკანდალური ათკაციანი სია პარლამენტიდან გამოიწვიეს, თუმცა მანამდე საკმაოდ დიდი გზა და ბევრი წინააღმდეგობა იყო.
უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნას, ისევე როგორც მოსამართლეთა შერჩევას, საფუძვლად უდევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის 36 და შემდგომი მუხლები. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 3 წლით, შემდგომ კი შეფასებების გათვალისწინებით კენჭი ეყრება მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხს, ამასთანავე მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზანია თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური დაკეთილსინდისიერი მოსამართლის შერჩევის გზით დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, მოსამართლის საქმიანობა ფასდება ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად.
ასე წერია ფურცლებზე, თუმცა ჩვენს რეალობაში ნაკლებად ხდება ასე. როგორც სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიში და მონიტორინგის შედეგები ცხადჰყოფს, სასამართლო სისტემას ჩვენს ქვეყანაში სჭირდება რეფორმიერა. მათ შორის ერთერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და მათი შერჩევის კრიტერიუმები.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გასული წლის ანგარიშში ვკითხულობთ, საბჭომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის” სათანადოდ განხორციელება პრაქტიკაში – მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმა ისახავდა მიზნად. მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურია, რაც შეიცავს საფრთხეს მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. შენარჩუნდა სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. კანონმდებლობა ხასიათდება ისეთი ხარვეზებით, რაც საბჭოს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების ფართო შესაძლებლობას უტოვებს.
ბევრი კითხვის ნიშანი რჩება უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებსა და ამის მიღმა არსებულ პოლიტიკურ მოტივებზე. განსაკუთრებით გამძაფრდა ეს კითხვები სკანდალური მოსამართლეთა ათკაციანი სიის შემდეგ, რომლის წევრები წინა ხელისუფლების დროს გახლდათ სკანდალურ საქმეებზე მოსამართლეები. სიამ, რომელმაც განხეთქილება წარმოშვა მმართველ გუნდში და საზოგადოების პროტესტი განსაკუთრებით გაამძაფრა, კიდევ ერთხელ დაგვანახა სასამართლო სისტემის რეფორმის და მისი ღიაობის აუცილებლობა.
საინტერესოა რას ნიშნავს უვადოდ მოსამართლეთა შერჩევა და როგორია უცხოური გამოცდილება ამ კუთხით ?
რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე არსებობს, მაგალითად ხორვატიაში დამკვიდრებული წესი ჰგავს ქართულს, მოსამართლის კარიერის დასაწყისში პირი ინიშნება 5 წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ უვადოდ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან და თავისუფლდებიან თანამდებობიდან პარლამენტის მიერ პრეზიდენტის წინადადების საფუძველზე. დანარჩენ მოსამართლეებს თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო იუსტიციის საბჭო. მოსამართლეთა ვაკანსიები ცხადდება ოფიციალურ გაზეთში. მოსამართლეობის მსურველი პირები განცხადებით მიმართავენ იუსტიციის საბჭოს, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევს გამოცდისა და ინტერვიუს საფუძველზე და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მათი დანიშვნის შესახებ.
ესტონეთში – მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ. მათი გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს ესტონეთის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს რიგ მოთხოვნებს: ენის ცოდნა გამოცდას აბარებენ, მოქალაქეობა და ა.შ.
ჩეხეთი – მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ 70 წლის ასაკამდე პრეზიდენტის მიერ იუსტიციის მინისტრის წარდგინებით. მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელს აწერს ასევე პრემიერ მინისტრი. ჩეხეთს აქვს მოსამართლეების კარიერული სისტემა, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეები საჯარო მოხელეები არიან და ისევე გადიან კარიერულ ეტაპებს, როგორც სხვა საჯარო მოხელეები. მოსამართლედ (ყველა სასამართლოში) შეიძლება დაინიშნოს სულ მცირე 30 წლის ჩეხეთის მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სასამართლოში სტაჟიორ მოსამართლედ მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
რა ხარვეზები იკვეთება ქართულ სასამართლო სისტემაში, განსაკუთრებით მოსამართლეთა დანიშვნისა თუ შერჩევის დროს და რა საფრთხეები ახლავს თან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, ამ და სხვა თემებზე ‘თბილისი თაიმსს „ ესაუბრა თამთა კახიძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი.
“ გასულ წელს გამოაქვეყნეთ ანგარიში, რომელიც აფასებს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭირვალობას. გამოიკვეთა სისტემური ხარვეზები. ერთერთი პუნქტის თანახმად, მესამე ტალღის” რეფორმა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, მათ შორის უვადოდ დანიშვნის მიმართულებით არასრულყოფილია, რაც საბჭოს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას უტოვებს. რა იგულისხმება კონკრეტულად ამ პუნქტში და შეიძლება თუ არა ბოლო დროს რეზონანსული მოსამართლეთა ათკაციანი სიაც ამ თვითნებობის გაგრძელებად მივიჩნიოთ ?
ცვლილებებმა გააუარესა მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნის სტანდარტი. ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდა გარკვეული კანდიდატების დანიშვნა ფარული კენჭისყრით და გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე მიღება. გარდა ამისა, ცვლილებები არ განსაზღვრავს კანდიდატის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ეფექტიან მექანიზმს. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების 10 კაციან სიას, ეს კანონის მიხედვით არის განსხვავებული პროცედურა. თუ ქვედა ინსტანციების მოსამართლეებს საბჭო ნიშნავს, უზენაესის შემთხვევაში, საბჭო ნომინირებას უკეთებს კანდიდატებს და საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. ამ პროცესში პრობლემა იყო ის, რომ პარლამენტმა დროულად არ შექმნა საკანონმდებლო ჩარჩო ამ პროცესისთვის, ხოლო საბჭო არ დაელოდა და კონსტიტუციურ პრინციპებთან შეუსაბამო პროცესით, დახურულ კარს მიღმა, არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგად წარადგინა 10 კაციანი სია, სადაც მოხვდნენ სასამართლოს მმართველი კლანის გავლენიანი წევრები.
–კითხვის ნიშნები ჩნდება განსაკუთრებით მოსამართლეთა ათკაციან სიაზე, რომელმაც მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაც კი გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ ამ სიასთან დაკავშირებით და როგორი მოლოდინები გაქვთ, რა შედეგებით დასრულდება პროცესი
10 კაციანი სია, საზოგადოებრივი წნეხის შემდეგ, თავად კანდიდატების მიერ იქნა გამოწვეული პარლამენტიდან. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია და ნათლად აჩვენა სასამართლოში არსებული პრობლემები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდება ვიწრო ინტერესების შესაბამისად და არა კონსტიტუციური პრინციპებით. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად, სისტემაში ყველაზე გავლენიანი პირების და უსამართლობის სიმბოლოდ ქცეული მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძისა და საბჭოს იმ წევრების გადადგომა მოითხოვა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ პრობლემურ სიას. არსებობს საფრთხე, რომ უზენაესი სასამართლოც აღმოჩნდეს იმ კლანის გავლენის ქვეშ, რომელიც სასამართლოს მართავს და აფერხებს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პროცესს. ამ შემთხვევაში შედეგად მივიღებთ იმას, რომ სასამართლო სისტემა მთლიანად ჩაიკეტება და სისტემის გაჯანსაღების პროცესი მრავალი წლით გადაიწევს.
–მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თანმხლები რისკები და საფრთხეები, რომელიც ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს. როგორ ფიქრობთ, რა კონკრეტულ საფრთხეებზეა საუბარი და რამდენად რეალურია ისინი?
ამ საბჭოს პირობებში, სადაც გადაწყვეტილებები ვიწრო ინტერესების შესაბამისად მიიღება, უვადოდ დანიშვნები ვერ აღწევს იმ მიზანს, რაც აქვს. მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ უვადოდ ისეთი მოსამართლეები ინიშნებიან, რომელთა წარსულში განხილული საქმეები სერიოზული კრიტიკის საგანია, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებითაც. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კარგ პრაქტიკას წარმოადგენს, ამ საბჭოს პირობებში ეს მექანიზმი სერიოზულ საფრთხედ გადაიქცა.”
ავტორი: ანა ურუშაძე