არქიტექტურული მემკვიდრეობა ერის ისტორიას, მის ტემპერამენტს ასახავს. ცხოვრების წესსა და რიტმთან ერთად იცვლება ქალაქების იერსახეც. დღეს, როდესაც საქართველოში მრავალსართულიანი კომერციული ნაგებობების ბუმია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კოლორიტის შენარჩუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ერთ-ერთი ისტორიული მოედანი თბილისში ლადდო გუდიასვილის მოედანია. მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის მახლობლად; ლერმონტოვის, ბ. ახოსპირელის, გია აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარზე. მოედნის გეგმა შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი, შენობათა ანსამბლი კი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეს მიეკუთვნება.
გვიან შუა საუკუნეებში მოედანს „ბეჯანას ბაღი“ ერქვა. 1828 წლამდე ხალხი მას მოღნისის (მოღნის, იგივე მოღნინის) სახელს უწოდებდა მოედნის ახლოს მდგარი ღვთისმშობლის სომხური ეკლესიის პატივსაცემად. XIX საუკუნეში ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის კავკასიური სამფლობელოების ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო მეფისნაცვლისა და ჯარის სარდლობის ადგილსამყოფელი. 1827 წ. აბას-აბადის მოედანი ეწოდა გენ. პასკევიჩის მიერ ირანის ამავე სახელწოდების ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად. აქ ერთ დროს რუსების ჯარის ჰაუპტვახტი იყო, სადაც 1838 წელს ღამე გაუთევია პოეტ მიხეილ ლერმონტოვს. 1923 წელს მოედანს ბოლშევიკი სტეფანე ალავერდოვის (ალავერდიანის) სახელი უწოდეს. ლადო გუდიაშვილის სახელი მოედანს 1988 წელს მიენიჭა.
პროექტ ახალი ტფილისის ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. პროექტის განმავლობაში იგეგმება:
- 30-ზე მეტ მისამართზე განთავსებული ინდივიდუალური შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია-რეაბილიტაცია;
- რეაბილიტაციის დროს, მომიჯნავე ავარიულ შენობებზე მოულოდნელი დაზიანებების განვითარების ან/და დაზიანებების აღმოფხვრისთვის საჭირო კვლევა-პროექტირება;
- მოედნისა და მიმდებარე არეალის შენობების ეზოების საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეკონსტრუქცია;
- მოედნისა და მიმდებარე არეალის კეთილმოწყობა.