“საქართველოს სუშის ფედერაცია” 2018 წლის დეკემბერში დაარსდა. ფედერაცია არის აიპ-ი ორგანიზაცია, რომელიც გახლავთ არაკომერციული იურიდიული პირი. შესაბამისად, ფედერაცია ბიზნესმიმართულებით არ მუშაობს.
ის სხვადასხვა ტიპის კულინარიულ აქტივობას გეგმავს, რაც, ფედერაციის შეფასებით, საინტერესო აღმოჩენა იქნება როგორც პროფესიონალი მზარეულებისთვის, ისე – მოყვარულთათვის.
“თბილისი თაიმსს” “საქართველოს სუშის ფედერაციის” პრეზიდენტი, გიორგი ხვისტანი ესაუბრა.
რა მიზანზეა ორიენტირებული “საქართველოს სუშის ფედერაცია”?
ჩვენი მიზანი გახლავთ საქართველოში იაპონური სამზარეულოს პოპურარიზაცია და საზოგადოებაში იაპონური კულტურის ცნობადობის გაზრდა. საწყის ეტაპისთვის, ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება სუში, რომლის გარშემოც, ახლო მომავალში, იგეგმება სხვადასხვა აქტივობა, კერძოდ: მასტერკლასები, სუშის ფესტივალი, რომელის მსგავსიც ჯერ არ ჩატარებულა საქართველოში, ტურნირები სხვადასხვა მიმართულებით.
რა გეგმები გაქვთ?
ფედერაციის დიდი სურვილია, ამ ყველაფერში ჩავრთოთ და გავაწევრიანოთ ყველა ის კომპანია, ვინც კი მუშაობს ამ კუთხით საქართველოში.
თავდაპირველად, ჩვენი აქტივობები დაანონსდება თბილისის მაშტაბით, გამომდინარე იქედან, რომ ყველაზე მეტი კომპანია, რომელიც ამ კონკრეტული მიმართულებით მუშაობს, ოპერირებს თბილისში.
ფედერაციის შემდგომი ეტაპი იქნება ის, რომ ყველა ჩვენი ჩანაფიქრი გავიტანოთ თბილისისა და, შემდგომ უკვე, საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
ავტორი: მარიამ ტიელიძე