სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ამ წუთებში დასრულდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ სტუმრებსა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა სვეტიცხოვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ჩვენ ვდგევართ იმ წმინდა ადგილზე, სადაც დაფლულია უფლის კვრათი და წმინდა ილია თეზბიტელის ხალენი. ჩვენ ვდგევართ ისეთ ადგილზე, სადაც მრავალი ქართველის სისხლი დაღვრილა და სადაც მრავალი მეფეები და პატრიარქი განისვენებს. დღეს ცა და დედამიწა ზეიმობს რა უნდა ვთხოვოთ უფალს? მადლი რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი”, – აღნიშნა კათოლიკოს- პატრიარქმა.
უწმინდესმა ისურვა, რომ არ დავკარგოთ მადლი და წყალობა უფლისა. კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ასევე აღნიშნა, რომ ყოველ ადამიანს და ერს აქვს თავისი ბედი. მისივე თქმით, ღმერთი ხედავს ადამიანის გულს და როცა ადამიანს გული წმინდა აქვს, მას მიენიჭება დიდი მადლი.
ილია მეორემ ასევე ბრძანა, რომ ზოგჯერ უფიქრია, რით დაიმსახურა საქართველომ უფლის ამდენი წყალობა რომ საქართველო გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი და აქ არის დაფლული უფლის კვართი, წმინა ილია თეზბიტელის ხალენი და რომ საქართველოში სახარება მოციქულებმა იქადაგეს.
“ღმერთი ადამიანის გულს ხედავს, ჩვენ არ უნდა დავკრგოთ უფლისგან მონიჭებული და თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს – ეროვნებას, ენას, მართლმადიდებელ სარწმუნოებას, იმ დროს როდესაც დედამიწაზე ასეთი ცვლილებები ხდება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით. ჩვენ უნდა წავიდეთ სრულყოფისაკენ, მაცხოვარი ამბობს, იყავით სრულყოფილი ვითარცა მადლი ჩვენი სრულყოფილ არს. მამაზეციერის მსგავსად სრულყოფას ადამიანი ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს სიტყვები მეტყველებს, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ისეთი საქმეები უნდა გავაკეთოთ, რომ სრულყოფა გაგრძელდეს ზეციურ ქვეყანაში” , – განაცხადა უწმინდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქი ქადაგებისას ტაძარში მყოფ პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერსა და მინისტრებს მიესალმა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.
დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა ხუთი გამოჩენილი ქართველი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა, კერძოდ: ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილი, ქართულ კინომატოგრაფიაში გაწეული წვლილისთვის ელდარ შენგელაია და რევაზ ჩხეიძე, ქართულ სახვით ხელოვნებაში გაწეული წვლილისთვის მერაბ ბერძენიშვილი, საგუნდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის შალვა მოსიძე.
პატრიარქმა, ამასთან, ამბიონზე აიყვანა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სვეტიცხოვლობის დღესასწაული ამბიონიდან მიულოცა. ასევე ამბიონზე მიიწვია ტაძარში მყოფი აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საჩუქარი გადასცა.
პატრიარქმა ამბიონზე აიყვანა აფხაზი და ოსი ეროვნების ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც ქორწინდებიან და მათ წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
14.10.13