25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ხვალ, 12:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდბლი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით მართავდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს სცნო.