ყველაფერი კი ერთ, მდიდრებისთვის განკუთვნილ საღამოზე დაიწყო. თავადის მეუღლე ,,ვეფხისტყაოსნის” დადგმაში მონაწილეობდა, სადაც ნესტან-დარეჯანს ასახიერებდა. ამ წარმოდგენას გერმანელი პრინცი – კონსტანტინე ოლდენბურგიც ესწრებოდა, რომელიც თბილისიდან ფოთამდე რკინიგზას აშენებდა.

გადმოცემის თანახმად, სასახლე ექვს თვეში აუშენებიათ. მის პირველ სტუმრებს მთავარ დარბაზში შესვლისას კაბა და შარვალი აუკეცავთ, რადგან იატაკი ბროლის იყო და დარბაზის განათება წყლის ეფექტს ქმნიდა.
სასახლის არქიტექტორი პ. შტერნი იმ დროს ძალიან სახელგანთქმული ყოფილა. ნაგებობის სტილი, ერთი მხრივ, “აგურის გოთიკას” ენათესავება, ხოლო, მეორე მხრივ, ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეტალებს იმეორებს.
ოლდენბურგის სასახლე თბილისურ ტრადიციულ არქიტექტურასაც მნიშვნელოვნად სცილდება: ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას აქვს ღია ტერასა, ქვის მოაჯირებიანი კიბე, შუა ბასტიონი აზიდული ციცაბო სახურავით და სამსართულიანი კოშკი საიდუმლო ოთახით; მთავარ ფასადზე თავმოყრილი შეისრული თაღები, კედელში ჩასმული ვარდულები, მოაჯირის წვრილი სვეტები გოთური სტილიზაციის უჩვეულო და საინტერესო ნიმუშს ქმნის.
გუმბათს პრინცის საგვარეულო გერბი ამშვენებს, რომელზეც ფრთიანი ცხენია გამოსახული. ამ სიმბოლოს მაგიური დამცავი ძალა აქვს თურმე. ასევე – საათი, რომელიც ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს აქ დრო გაჩერდა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სასახლეში ბროლის იატაკი აყარეს, მოხატული კედლები შეღებეს, უნიკალური ჭაღები ჩამოხსნეს და შენობაში ყრუ-მუნჯთა სკოლა გახსნეს. სასახლის აშენებიდან საუკუნის შემდეგ იქ მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი განთავსდა და ამჟამად 150 ათასზე მეტ ექსპონატს ინახავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ხელნაწერთა ფონდია, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ქართველი ხელოვანისა და მწერლის არქივია დაცული.

პრინცთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძემ მიატოვა ქმარი, ოლდენბურგთან ერთად ამ სასახლეში დასახლდა და გრაფინია ზარნიკაუს სახელი მოიპოვა. ხალხს ამ ამბავზე პატარა ლექსიც შეუთხზავს: – გრაფინია კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო!
ამ საოცარ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს: გადმოცემის თანახმად, პრინცესა აგრაფინა ბოლშევიკებმა სიყვარულის კოშკში დაახრჩვეს. იმდროინდელი თბილისის მკვიდრებს არაერთხელ მოუყოლიათ, რომ სასახლეში ქალის აჩრდილი დადიოდა.
მუზეუმის თანამშრომლებს დღესაც სჯერათ, რომ სასახლეში აჩრდილები დადიან. სიუჟეტი ტელევიზიითაც გავიდა. ერთ-ერთი თანამშრომელი ყვება: ,,მუშაობას შევყევი, როცა ქალის სიმღერის ხმა გავიგონე. ვიცოდი, რომ შენობაში არავინ იყო. ქალის ხმას ბავშვების სიცილი მოჰყვა. რკინის კარი გასაღებით იყო ჩაკეტილი. მივხვდი, რომ მოჩვენებები დადიოდნენ. ძალიან შემეშინდა”.
ამჟამად შენობა გარედან მთლიანად რესტავრირებულია. პირვანდელი სახის დასაბრუნებლად მხოლოდ შიდა სამუშაოებია შესასრულებელი.
ამ თემის ირგვლივ სხვა მოსაზრებებიც არსებობს, თუმცა ისტორიამ, ლეგენდის სახით, ეს
ვერსია შემოინახა.