ლონდონში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2019“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეექვსედ დასახელდა.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, თბილისის, რიგის, ბრატისლავას ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები – 2019 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.
Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.