საქართველო წყლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა. მიუხედავად ამ ბუნებრივი სიმდიდრეებისა, ლაბორატორიული კვლევები ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას და მის გამართულობას.
საქართველოს კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ ადგენს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპებს და ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის საფუძვლებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის:
∙ წყალაღება
∙ წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა
∙ წყლის ტრანსპორტირება
∙ მომხმარებლებზე განაწილება.
არსებობს წყალმომარაგების ორი ტიპის წყარო – მიწისქვეშა და ზედაპირული. ნედლი წყლის ხარისხის გამო, პრიორიტეტულია მიწისქვეშა წყალაღება. თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორივე ტიპს წყალაღება გამოიყენება. მიწისქვეშა წყლების მიღება ხდება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება ხორციელდება ჟინვალის წყალსაცავიდან და, ნაწილობრივ, თბილისის ზღვიდანაც (სარეზერვო დანიშნულება), ღრმაღელესა და სამგორის სათავო ნაგებობების საშუალებით.
წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანის შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება და დაგროვება სარეგულაციო რეზერვუარებში. დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 300 000 მ2 ტევადობის რეზერვუარი, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წნევის მარეგულირებელი სადგურები და წნევის რეგულატორები, რომელთა საშუალებით, თბილისის მასშტაბით, სასმელი წყლის ნაკადებისა და წყლის წნევის რეგულირება ხდება.დედაქალაქში შემოსული წყალი გადის დამუშავება-ფილტრაციის სრულ ციკლს და წყალსადენის 3000 კმ-იანი ქსელით უბნებზე ნაწილდება, საიდანაც, უშუალოდ მომხმარებელთა ონკანებამდე მის მიწოდებას 1000 ტუმბო უზრუნველყოფს.
მიუხედავად საკანონმდებლო რეგულაციებისა და დამტკიცებული რეგლამენტებისა კითხვის ნიშნები ქართული სასმელი წყლის ხარისხის მიმართ არსებობს. განსაკუთრებით ეს საფრთხეები გამოკვეთა „საერთაშორისო დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ 187 ქვეყანას შორისაა, სადაც ჯანსაღი სასმელი წყალი არ არის.
არის თუ არა საქართველოში ონკანის წყლის დალევა საფრთხის შემცველი და როგორ ხდება წყლის ხარისხის კონტროლი, რათა მაქსიმალურად იქნეს მოსახლეობის ჯანმრთელობა დაცული, ამ და სხვა კითხვებზე პასუხი „თბილისი თაიმსს „ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასცეს.
“-როგორ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი დედაქალაქსა და რეგიონებში და რამდენად ეფექტურია ეს მექანიზმი წყლის უსაფრთხოების დასაცავად?
სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს.წყლის ნიმუშების რაოდენობა და კონტროლის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის, 2010 წელს მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის აღება ხდებოდა, დღეს ეს უკვე რეგულარული გეგმის ნაწილია, რაც 500-ზე მეტ ნიმუშ სითვალისწინებს.
–ტურისტულმა კომპანიამ Globehunters-მა მოგზაურობის მოყვარულთათვის მოამზადა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ონკანის წყლის სასმელად მოხმარებას მოგზაურებს არ ურჩევს. აღნიშნული კვლევის შედეგები ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. რა მდგომარეობაა ამ კუთხით და თუ ეთანხმებით კვლევის შედეგებს ?
საქართველოს ტურისტულ რეგიონებსა და დიდ ქალაქებში – ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ბორჯომში სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული; თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს. რაც შეეხება რეგიონებს, გამოწვევად რჩება სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენები, სადაც მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევები კვლავ ფიქსირდება.
-არის თუ არა საქართველოში, წყალში აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი? ამ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გასული წლის წყლის კვლევებიც და ლაბორატორიული ანალიზიც.
წლების განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ რეგიონებში, მიუხედავად სასმელი წყლის შეუსაბამობების მაღალი მაჩვენებლისა, ბოლო წლებში რეგისტრირებული წყლისმიერი დაავადებების ანალიზის შეფასებით, აღინიშნება მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები.
უნდა აღინიშნოს, რომ წყლის კვლევების დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. წყლის ხარისხი განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლზეა აყვანილი.
-რა უნდა გაკეთდეს წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მომხმარებლების უსაფრთხოების დასაცავად ? იგეგმება თუ არა ამ კუთხით რამე სამომავლოდ?
სასმელი წყლის ხარისხის „სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან“ შეუსაბამობის გამოვლენის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება ადეკვატური რეაგირება, კერძოდ: პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე სასმელი წყლის მიმწოდებელ პასუხისმგებელ კომპანიებსა და უწყებებს (მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს) წერილობით ეცნობებათ მათ მიერ გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელში მომხმარებლებისათვის მიწოდებული სასმელი წყლის გაუვნებლობის საკითხის ოპერატიული ღონისძიებების რეალური და მყისიერი განხორციელების საჭიროებების თაობაზე; ამასთანავე, მოსახლეობის ხარისხიანი და უწყვეტი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ.
შეუსაბამობის შემთხვევები, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. “
სასმელი წყლის ხარისხი პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, შესაბამისად მისი კონტროლი და უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელი პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის. ამის საჭიროება, იმ ფონზე, როდესაც სასმელად უვარგისი წყალი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უგულევბელყოფა ხშირად გადამდები დაავადებების საფუძველია. ქოლერა, დიარეა, დიზინტერია, ა-ჰეპატიტი და პოლიომიელიტი, უფრო მეტად იზრდება.
მდგომარობა საყურადღებოა, რიცხვებიც მეტი ყურადღების აუცილებლობაზე მიანიშნებს. რადგან, როგორც ცნობილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხვედვით, ყოველ წლიურად 842 000 ადამიანი იღუპება დაბინძურებული სასმელი წყლით, ანტისანიტარიითა და ჰიგიენური ნორმების დაუცველობით.
ავტორი: ანა ურუშაძე