საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უპრეცედენტო პროექტს განახორციელებს – 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხრა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება.
სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, რამდენიმეთვიანი მონიტორინგი განახორციელა.
სამინისტროს ცნობით, ასაშენებელი სკოლების პროექტებზე მუშაობა დასრულდა. მალე სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. ახალი სკოლებისთვის შექმნილ პროექტებში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ის ნიუანსები, რომელიც კონკრეტული სკოლისთვისაა მნიშვნელოვანი.
თამარ სანიკიძე – „სკოლები, რომლებიც სამინისტროს დაფინანსებით აშენდება, უნდა გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ფასადური სილამაზით, არამედ, მშენებლობის ხარისხითა და კომფორტულობით. ახალი სკოლები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტებს და მორგებული იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებებს.
ახალი სკოლების მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და მათი უმრავლესობა ერთ წელიწადში დასრულდება. რაც შეეხება სკოლის მშენებლობას სოფელ ლამბალოში, რომელიც ყველაზე დიდი პროექტია და 1000 მოსწავლეზეა გათვლილი, სავარაუდოდ, წელწადსა და სამ თვეში, ან წელწადნახევაში დასრულდება“
ქვეყნისათვის პროექტის მნიშვნელობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინიციატივით, პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.
15.10.13