ქრისტიანული სამყარო, სულ მალე, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულს ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონი განსაკუთრებულად ელის და აღნიშნავს. როგორც სხვა მნიშვნელოვან დღეებს, ჩვენი კუთხეების წარმომადგენლები, აღდგომასაც ცოტაოდენ განსხვავებულად აღნიშნავენ. აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.
2019 წელს, ეს დღე 28 აპრილს აღინიშნება.
როგორც ყველა მხარეში, დედაქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ დღეს ტაძრებში მასპინძლობს. უკვე 12 საათიდან, სააღდგომო, 40-დღიანი მარხვა სრულდება და ადამიანები ამ წმინდა დღეს წითელი კვერცხითა და პასკით მასპინძლობენ. მანამ, სანამ მორწმუნეები პასკების ცხობის ტრადიციებს შემოიღებდნენ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ისინი „სააღდგომო ქადებს“ აცხობდნენ. ქადებს მთიან საქართველოში დღემდე აცხობენ. განსაკუთრებულად დატვიურთული მარხვის ბოლო კვირაა. ტრადიციულად, აღდგომის მომდევნო დღეს თბილისელები ახლობელი ადამიანების საფლავებს სტუმრობენ, საფლავებზე წითელ კვერცხებს აგორებენ და დღემდე, ბევრიც სუფრას შლის, თუმცა, ეს უკანასკნელი ჩვეულება, ნელ-ნელა, მივიწყებას ეცემა და გაცილებით მეტი დატვირთვა შესაბამისი რიტუალების ტაძრებში აღვლენას ენიჭება.
სხვა არაერთი დღესასწაულის მსგავსად, კახელებისთვის აღდგომის დღესასწაულსაც აქტიურად ახლავს ტრადიციები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მოიცავს საკლავის დაკვლასა და შეწირვას. ამ ტიპის დღეებში, ისინი არაფერს იშურებ, ბარაქიან სუფრებს შლიან, ამ დღისთვის მაქსიმუმს დებენ და აქვთ რწმენა, რომ, რაც უფრო მეტს დადებენ სუფრაზე და მეტს შეწირავენ წმინდანებს, მით უფრო ბარაქიანი და დალოცვილი იქნება მათთვის მიმდინარე წელი.
საკლავის დაკვლა და შეწირვა რაჭველი ადგილობრივებისთვისაც არის დამახასიათებელი. ამ დღის წმინდა რიტუალების შესრულების შემდეგ, ისინი ე.წ. პურის ფაფებს ამზადებენ. აღდგომის მეორე დღეს, რომელსაც, ძირითადად, ქართველები საკუთარ მიცვალებულებს უთმობენ, რაჭველების გარკვეული ნაწილი დღესაც ზეიმობს „გიორგონთობას“. ამ დღეს, სხვა ნუგბარსა და ცომეულთან ერთად, ცნობილი რაჭული ლობიანებიც ცხვება ოჯახებში. წითელი კვერცხი და განსაკუთრებულად დამზადებული პასკა რაჭული სუფრისთვისაც არის აუცილებელი ატრიბუტები.
როგორც ვიცით, მეგრული სუფრა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გარდა აღდგომისთვის დამახასიათებელი ატრიბუტებისა, სამეგრელოში ამ დღეს გაშლილი სუფრა განსაკუთრებულად ბარაქიანია. მეგრული ტრადიციული კერძების კვალდაკვალ, არ კუთხის წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საეკლესიო რიტუალებს. ტაძარში ძალიან ბევრი სანთლის დანთება სწორედ აქაურებისთვის არის განსაკუთრებულად დამახასიათებელი.
როგორც ვიცით, მთაში საეკლესიო, წმინდა დღესასწაულებს განსაკუთრებული ზარ-ზეიმითა და ხალხმრავლობით აღნიშნავენ. ხევისბერის წინამძღოლობით, აქ ახლომდებარე სალოცავებს მოილოცავენ ხოლმე და, დღემდე, კაცებსა და ქალებს საკუთარი საქმიანობები აქვთ. კაცებს სხვადასხვა სახის მოვალეობა ეკისრებათ, ქალები კი, არაერთი შეზღუდვის მიუხედავად, მადლს საკუთარი მოკრძალებულობითა და ყურადღებით იღებენ.
მთაში წმინდა დღესასწაულების აღნიშვნის განსაკუთრებული ატრიბუტი ზარების განუწყვეტელი რეკვაა. თუმცა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ეს ტრადიცია, გარდა მთიანი რეგიონებისა, საქართველოს სხვა კუთხეებისთვისაც არის დამახასიათებელი.
აღსანიშნია, რომ მოსახლეობას დღემდე აღნიშნავს ე.წ ჭიაკოკონობას – აღდგომის კვირის ოთხშაბათ დღეს. ქვეყნის დედაქალაქს რაც შეეხება – როგორც ვიცით, მთლიანი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ თბილისში ცხოვრობს. აღდგომის წმინდა დღესასწაულზე კი მათი გარკვეული ნაწილი, შეძლებისდაგვარად, მშობლიურ კუთხეებს უბრუნდება და საკუთარი მხარის ტრადიციებს აღასრულებს. როგორც ვთქვით, 2019 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 28 აპრილს აღინიშნება.
ავტორი: მარიამ ტიელიძე