ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს რამდენიმე დღეში ვიდღესასწაულებთ. მის მნისშვლობასა და თანმდევ ტრადიცებთან დაკავშირებით გვესაუბრა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური – დეკანოზი შიო ბაკურია.
მოგესალმებით მამაო! უპირველესად დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. რადგანაც აღდგომის მარხვის პერიოდში ვიმყოფებით, მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება განვუმარტოთ ამ მარხვის თავისებურებები და რა გამოარჩევს მას სხვა მარხვებისგან?
-მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ აღნიშნული საკითხით დაინტერესებისთვის.მარხვა განუყოფელი ნაწილია საეკლესიო ცხოვრებისა და მისი ისტორია ჯერ კიდევ ადამიანის სამოთხეში ყოფნისას დაიწყო,როდესაც ღმერთმა ჩვენს პირველმშობლებს,ადამსა და ევას მოუწოდა არ ეჭამათ კონკრეტული ხის ნაყოფი. იგი თავშეკავების გარემოა და მორწმუნე ადამიანისათვის წარმოადგენს განწმენდის,საკუთარი თავის უკეთ შემეცნების,სინანულის და სულიერი პროგრესის საშუალებას.ეკლესიის დღევანდელ პრაქტიკაში, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა მარხვაა დაწესებული.ესენია,ოთხშაბათისა და პარასკევის,დიდი მარხვის,ასევე შედარებით გვიან დადგენილი,შობის,პეტრე-პავლობის და მარიამობის მარხვები,არსებობს ერთდღიანი მარხვებიც…მათ შორის გამორჩეულია წინა სააღდგომო მარხვა,რომელსაც ეკლესიამ დიდი და წმინდა უწოდა თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო.იგი ერთ ორმეოცს ანუ 40 დღეს და ვნების შვიდეულს მოიცავს.ეს არის დრო, როდესაც მთელი კაცობრიობა უდიდესი მოვლენის, უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოლოდინშია. 40 დღე შეგვახსენებს,რომ უფალმა იესო ქრისტემ გამოცდამდე სწორედ ამდენი დღის განმავლობაში იმარხულა უდაბნოში.უძველესი წყაროები გვატყობინებენ, რომ დიდი მარხვა ეკლესიას ჯერ კიდევ მოციქულთა დროს დაუდგენია.ამ დღეებში ქრისტიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ავადმყოფებს, პატიმრებს,შეჭირვებულ ადამიანებს,გამორჩევით ზრუნავენ მოყვასზე.გამორჩეულია დიდი მარხვის მსახურებებიც თავისი არასაზეიმო ხასისთით.ცნობილი საეკლესიო მოღვაწე,ნეტარი ავგუსტინე მოგვიწოდებს,რომ ორმოცდღიანი მარხვის ჟამს მაინც გავეცალოთ ამქვეყნიურ საცდურს, ხორციელ ტკბობას, გართობასა და ხუმრობებს, ამაოდ მეტყველების ნაცვლად წმინდა წერილს მივუახლოვდეთ, დავიმშვიდოთ სული და მარადიულ ნათელსა და სიბრძნეს ვეზიაროთ.
რა განსხვავებაა აღდგომასა და სხვა ქრისტიაულ დღესასწაულებს შორის?
-ნებისმიერი დღესასწაული გამორჩეულია ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანისათვის,რადგან მასში მონაწილეობა თითოეულ მორწმუნეს საშუალებას აწლევს არა მარტო გაიაზროს და შეიგრძნოს კაცობრიობის ხსნის საღვთო ისტორია,არამედ თანამონაწილეც გახდეს მისი.შეიძლება ითქვას,რომ აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია თავისი მნიშვნელობით. ეს არის დღე,მაუწყებელი სიკვდილის დამარცხებისა და ადამიანთა მომავალი აღდგომისა მარადიული ცხოვრებისთვის. დიახ,იესო ქრისტეს აღდგომამ კაცობრიობას აუწყა,რომ სიკვდილი დაიძლია და დასაბამი დაედო მკვდართა აღდგომას,რომელიც მოხდება მისი მეორედ მოსვლის ჟამს.ამიტომ სწავლება იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქრისტიანული მოძღვრების ერთ-ერთი საფუძველია.წმინდა პავლე მოციქული გვახსენებს, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ქვაკუთხედია ჩვენი რწმენისა: ,,უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი” (1კორ. 15,14).აქედან გამომდინარე ეკლესია განსაკუთრებული,საზეიმო განწყობით აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
რატომაა აღდგომის დღესასწაული გაზაფხულზე, რატომაა მოძრავი და რაზეა დამოკიდებული აღდგომის თარიღის გამოთვლა?
– ეკლესიაში არსებობს გარდამოცემა,რომ აღდგომა სწორედ გაზაფხულზე მოხდა.გაზაფხული წელიწადის გამორჩეული დროა.ამ დროს ხდება ერთგვარი განახლება ბუნებისა,გამოღვიძება…აღდგომის აღნიშვნა დაკავშირებულია ძველი აღთქმის პასექთან,რომელიც იყო დღესასწაული ისრაელი ერის გამოხსნისა ეგვიპტელთა ტყვეობიდან და იგი მთვარის კალენდრით იდღესასწაულებოდა, ანუ იყო მოძრავი. ახალი აღთქმის პასექმა (აღდგომამ) შეცვალა ძველი და იგი არის სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან გამოხსნის დღესასწაული.მისი აღნიშვნის დრო დაადგინა პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელიც 325 წელს ჩატარდა ქალაქ ნიკეაში. ამ დადგენილებით, აღდგომა იზეიმება გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობის) შემდგომ, პირველი სავსემთვარეობის მომდევნო კვირას. ეს ხდება 4 აპრილიდან 8 მაისამდე (ძველი სტილით – 22 მარტიდან 25 აპრილამდე) აღნიშნული მეთოდით,აღდგომის თარიღის დადგენამ წარმოაჩინა,რომ იგი სულიერი გაგრძელებაა ძველი აღთქმის პასექისა. ანუ თუ პასექი იყო ხორციელი ირაელის ხორციელი გამოხსნა – ახალი აღთქმის პასექი,ანუ აღდგომა სულიერი ისრაელის,ანუ ქრისტიანთა სულიერი გამოხსნაა. აღდგომა იმიტომ კი არ არის მოძრავი, რომ თარიღი არის უცნობი, არამედ იმიტომ, რომ იგი არის ახალი აღთქმის პასექი.
აღდგომის ცნობილი ატრიბუტია წითელი კვერცხი. საიდან მოდის კვერცხის შეღებვის ტრადიცია და არის თუ არა დღესასწაულის თანადროული?
-უნდა ითქვას რომ ეს უწყინარი ტრადიცია კვერცხის წითლად შეღებვისა სავარაუდოდ ხალხური ჩვეულებიდან დამკვიდრდა ეკლესიაში,სავარაუდოდ გვიან შუა საუკუნეებში და მას ლიტურგიული,ღვთისმსახურებითი დანიშნულება არ გააჩნია.რაც შეეხება კითხვას,არის თუ არა იგი აღდგომის თანადროული,ეს არ დასტურდება საისტორიო წყაროებით,თუ არ ჩავთვლით ზეპირ გადმოცემას წმ.მარიამ მაგდალინელის შესახებ,სადაც საუბარია წმ.მარიამისა და იმპერატორ ტიბერიუსის შეხვედრაზე.წმინდანი იმპერატორს ქრისტეს აღდგომას ულოცავს ამ მოვლენის ჭეშმარიტების დასადასტურებლად კვერცხი გაწითლდება….თუმცა ისტორიული წყაროები დუმან ამ ფაქტის შესახებ.ეკლესია ციცხალი ორგანიზმია და შესაძლოა გვიანდელ მოვლენას,ქმედებას თუ ნივთს მიენიჭოს სიმბოლური გააზრება.წითლად შეღებილი კვერცხი,გახდა სიმბოლო მაცხოვრის მიერ ჯვარზე დაღვრილი სისხლით,კაცობრიობისთვის მარადიული სიცოცხლის მინიჭებისა…
საქრთველოში მრავალი ადამიანი გადის აღდგომას საფლავზე. გთხოვთ, რომ განგვიმარტოთ ეკლესიურად სწორი დამოკიდებულება.
-დიახ,ჩვენთან ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გასვლა.უმეტესწილად ამ დროს ადგილი აქვს გლოვას,რაც ნიშნავს იმას რომ ადამიანებს ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული,რატომ მიდიან მიცვალებულთან და რა კავშირი აქვს აღდგომას მათთან.უნდა ითქვას,რომ მიცვალებულის საფლავზე მისვლა ნებისმიერ დროს შეიძლება,თუმცა ადამიანს უ.და ჰქონდეს გააზრებული,რატომ მიდის.მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და მოძღვრებაში,უდიდესი ადგილი უჭირავს ესქატოლოგიას,ანუ სწავლებას მაცხოვრის მეორედ მოსვლის და მკვდართა საყოველთაო აღდგომის შესახებ,ამიტომ ქრისტიანები განსაკუთრებულად ეპყრობიან საფლავებს და მიცვალებულებს.მთელი წლის განმავლობაში,არის კონკრეტული დღეები,როდესაც იხსენიებს ეკლესია მიცვალებულებს,აღასრულებს წირვა-ლოცვებსა და პანაშვიდებს მათ სახელზე.ხსენებული მსახურებები სრულდება დიდ მარხვაშიც.აღდგომის დღესასწაულზე,მართებულია ადამიანები წაბრძანდნენ ტაძარში და მონაწილეობა მიიღონ სააღდგომო ღვთისმსახურებაში და თუ სურვილი აქვთ საფლავზე მიბრძანდნენ მეორე დღეს,დიდ ორშაბათს,რათა მიულოცონ და ახარონ თავისთვის ძვირფას ადამიანებს ქრისტეს აღდგომა,როგორც დასაბამი მათი მომავალი აღდგომისა.მიუღებელია ასეთ დროს გლოვა ან ღრეობა საფლავზე,ქრისტიანები სიხარულით არიან ამ დროს აღსავსენი და ამას გადასცემენ არამხოლოდ იმათ ვისაც ხედავენ,არამედ იმათაც ვისაც ახლა ვერ ხედავენ,თუმცა მომავალში იხილავენ აუცილებლად…
ჩვენი მკითხველი არ არის მხოლოდ ეკლსიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ადამიანები. რა გზავნილს, სხვაგვარად რომ ვთქვათ რა იმპულსს მიაწვდით ამ კატეგორიის ადამიანებს სააღდგომოდ?
-ყოველი ადამიანი ფიქრობს ისეთ გარდაუვალ მოვლენაზე,როგორიცაა სიკვდილი,გარდაცვალება.ფიქრობს და ინტერესდება იმით,თუ რა იქნება შემდეგ,მომავალში?სწორედ ამ მომავალს გვიქადაგებს ეკლესია,რომლის მთავარი მიზანია ამ სამყაროში ხსნის და გადარჩენის,ღმერთთან ერთობის და მომავალი სასუფევლის ხარება, ქადაგება.ამ მომავალს მადლისმიერად განიცდიან, აგემოვნებენ მორწმუნენი,როდესაც მონაწილეობენ წმ.ევქარისტიის საიდუმლოში,რაც ნიშნავს ზიარებას ქრისტეს სისხლთან და ხორცთან,და შესაბამისად თანაზიარებას ღმერთთან.აღდგომის დღესასწაულის სულიერი გააზრება ადამიანს ეხმარება უკეთ გაიგოს ცხოვრების საზრისი და ეცადოს ქონდეს ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა,რაც მხოლოდ ეკლესიის წიაღში ყოფნითაა შესაძლებელი,ვინაიდან არ არსებობს ქრისტე ეკლესიის გარეშე და არ არსებობს განღმრთობა,ღმერთთან შეერთება ქრისტეს გარეშე,ღმერთთან ურთიერთობაც მხოლოდ ეკლესიის წიაღში ყოფნით ხორციელდება…
დიდი მადლობა და დაგვლოცეთ.
-ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,თქვენ და თქვენს მკითხველს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და მარადიულ სიხარულს გისურვებთ!
ავტორი: გრიგოლ ჭეჟია